"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

ბესო-02 (4)

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა 179 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს. როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია, ვაჭრობის ბალანსი დეფიციტურია, ანუ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გვაქვს. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ვაჭრობის ბალანსის მშპ-სთან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.

როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.

საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში

ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას (WTO) მონაცემები 2022 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -32.4% შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 22-ე ადგილზეა 179 ქვეყანას შორის. მშპ-ს მიმართ საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 21 ქვეყანას აქვს. 2021 წელს ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილზე იყო, დეფიციტი მშპ-ის მიმართ 31.4% იყო.

საქსტატის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 24.6 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -32.4-ია. 2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 13.5 მილიარდი დოლარი.

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 10.1 მლრდ დოლარი. 2022 წელს ექსპორტი 32%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 33%-ით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კი 2 მილიარდი დოლარით გაუარესდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2012-2022 წლებში

მონაცემების წყარო: საქსტატი

ქვეყნები, რომლებსაც საგარეო ვაჭრობის ყველაზე უარყოფითი და დადებითი ბალანსი აქვთ

მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ყირგიზეთია. 2022 წელს ყირგიზეთმა 2.2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა, როცა იმპორტმა 9.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეფიციტით ტოპ-ათეულში პატარა ქვეყნები ხვდებიან. ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ მონტენეგრო და ანდორაა ათეულში.

ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2022 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ყირგიზეთი-67
2ანდორა-56
3სენტ-ვინსენტი და გრენადინები-56
4მალდივის კუნძულები-50
5მონტენეგრო-49
6სამოა-48
7გრენადა-46
8კირიბატი-42
9ანტიგუა და ბარბუდა-42
10სენტ-ლუსია-41

წყარო: მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი

საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი გაიანას აქვს – მშპ-ის 41%, რაც ნავთობის ექსპორტის დამსახურებაა. შემდეგ მოდის კატარი მშპ-ის 43%-ით და აზერბაიჯანი მშპ-ის 39%-ით. დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ტოპ-10 ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი.

ყველაზე მაღალი დადებითი საგარეო ვაჭრობის მქონე ქვეყნები, 2022 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1გაიანა47
2კატარი43
3აზერბაიჯანი39
4პაპუა-ახალი გვინეა38
5ქუვეითი38
6არაბთა გაერთ. საამიროები34
7ბაჰრეინი32
8ლიბია32
9ეკვატორული გვინეა32
10გვინეა28

წყარო: მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი

მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ლესოთო, ბელიზი და ელ სალვადორია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მშპ-ის -17.5%, თურქეთის დეფიციტი მშპ-ის -12.1%-ია. რუსეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 39.2% და რუსეთს მშპ-ის 13.2%. უკრაინის ვაჭრობის დეფიციტი 2022 წელს მშპ-ის 6.8% იყო.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა