Forbes Georgia
საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა

ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო 157 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2025 წლის განმავლობაში არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულებისა და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.
საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის რეიტინგში
2025 წელს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.7% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 157 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი 40 ქვეყანაში, ხოლო უფრო დაბალი განაკვეთი 116 ქვეყანაში იყო. 2024 წელს საქართველო სესხის სიძვირით 43-ე ადგილზე იყო.
2016-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2016 წელს საშუალო განაკვეთი 14.4% იყო და თანდათანობით, 2019 წლისთვის 11.8%-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წლიდან პანდემიისა და მაღალი ინფლაციის გამო 2025 წლისთვის საპროცენტო განაკვეთი 13.7%-მდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2025 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.2% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 9.3%. 2026 წლის ივნისში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 13.1% იყო, მათ შორის, ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.2% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 9.2%.
სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს სომხეთი (13.8%) და ლიბერია (13.5%) არიან.
გრაფიკი: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში

ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წელს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი მადაგასკარში იყო – წლიური 60%. შემდეგ მოდიოდა ვენესუელა წლიური 59%-ით და თურქეთი 50%-ით. ეს ქვეყნები მაღალი ინფლაციის დონით გამოირჩევიან, რაც სესხებზე პროცენტს ზრდის.
ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.
ცხრილი 1. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2025 წელი
| ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
| მადაგასკარი | 60% |
| ვენესუელა | 59% |
| თურქეთი | 50% |
| ზიმბაბვე | 46% |
| არგენტინა | 46% |
| ბრაზილია | 45% |
| მალავი | 37% |
| სუდანი | 28% |
| ნიგერია | 27% |
| ირანი | 25% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებული ქვეყნები ხვდებიან. 2025 წელს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი იაპონიაში იყო – 1.6% წელიწადში. შემდეგ მოდის ესპანეთი და ირლანდია 3.5 და 3.8%-ით.
ცხრილი 2. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2025 წელი
| ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
| იაპონია | 1.6% |
| დანია | 2.5% |
| შვედეთი | 2.5% |
| ლუქსემბურგი | 2.9% |
| შვეიცარია | 3.0% |
| ესპანეთი | 3.2% |
| კანადა | 3.3% |
| ლატვია | 3.3% |
| ნიდერლანდები | 3.4% |
| ავსტრია | 3.5% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თურქეთში იყო – 50%. რუსეთში 17.1% იყო, აზერბაიჯანში 15.3% იყო, სომხეთში 13.8%.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
