ექსპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა

2

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, ექსპორტში საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 67%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. მომსახურების ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელი არ არის მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად ითვლება. მომსახურების ექსპორტია ტურიზმიც.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ექსპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონული კრიზისების დროს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის დროს.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 166 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად ექსპორტზე 47 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ის 47.4% იყო. 2024 წელს საქართველო 50-ე ადგილს იკავებდა, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 47.8% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 54.3% იყო, რეიტინგში კი საქართველო 36-ე ადგილს იკავებდა.

2025 წლის საქონლისა და მომსახურების ჯამური 18 მილიარდი დოლარის ექსპორტიდან 9.7 მილიარდი საქონლის ექსპორტზე მოდის, ხოლო 8.3 მილიარდი – მომსახურების ექსპორტზე. მომსახურების ექსპორტში ყველაზე დიდი წილი – 4.7 მილიარდი დოლარი – ტურიზმს ეჭირა, შემდეგ მოდის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი 1.1 მილიარდი დოლარით.

9.7 მილიარდი დოლარი საქონლის ექსპორტიდან კი 3.9 მილიარდი დოლარი რეექსპორტზე მოდიოდა. 2025 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 10.8%-ით.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2025 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 192 მილიარდ დოლარამდე იყო, რაც მშპ-ის 191%-ია. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე სინგაპურია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. ტოპ–ათეულში ფინანსური ცენტრების გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნები ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: სომხეთის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 48.1%-ია და მსოფლიოში 45-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის 43%-ია და 58-ე ადგილზეა, თურქეთის 24.8%-ია და 112-ე ადგილზეა, რუსეთის 18.2%-ია და 136-ე ადგილზეა.

2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – მშპ-ის 1.1%-ით. შემდეგ მოდის ჰაიტი 1.6%-ით და კირიბატი 4.5%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც – 11.1%, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, წლიურად 3.4 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს. პირველ ადგილზე ჩინეთია 4.2 ტრილიონი დოლარის ექსპორტით.

ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2025 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი191
2სინგაპური178
3ირლანდია140
4მალტა119
5ჯიბუტი110
6საამიროები107
7ვიეტნამი98
8კვიპროსი98
9ბაჰრეინი87
10სლოვაკეთი85

წყარო: მსოფლიო ბანკი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა