საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა

2 (9)

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს. როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია, ვაჭრობის ბალანსი დეფიციტურია, ანუ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გვაქვს. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.

ვაჭრობის ბალანსის მშპ-თან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.

როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.

საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში

ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციას (UNCTAD) მონაცემები 2025 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2025 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -29.4% შეადგინა (რაც ემთხვევა საქსტატის მონაცემს) და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა 187 ქვეყანას შორის. მშპ-ის მიმართ საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 30 ქვეყანას აქვს. 2024 წელს ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზე იყო, დეფიციტი მშპ-ის მიმართ -30.2% იყო, -0.8% პუნქტით მეტი, ვიდრე 2025 წელს.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 38.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 11.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -29.4%-ია. 2025 წელს საქართველოს ექსპორტმა 7.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 18.6 მილიარდი დოლარი.

2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 9.7%-ით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კი 909 მლნ დოლარით გაუარესდა.

გრაფიკი 1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2015-2025 წლებში

მონაცემების წყარო: საქსტატი
ყველაზე მეტად უარყოფითი და დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნები

მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ოკეანეთის პატარა ქვეყანა კირიბატია. 2025 წელს კირიბატის სავაჭრო დეფიციტი 476 მლნ დოლარი იყო. დეფიციტით ტოპ–ათეულში 6 პატარა ქვეყანა გვხვდება, რომლებიც ძირითადად ტურიზმზე არიან დამოკიდებული. ევროპის კონტინენტიდან ათეულში მხოლოდ მონტენეგრო და ანდორაა.

თუ ნომინალურ რიცხვებში ვნახავთ, მსოფლიოში ყველზე დიდი დეფიციტი -1.3 ტრილიონი დოლარი აშშ-ს აქვს, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 393 მილიარდი დოლარით.

ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2025 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1კირიბატი-136
2კაბო–ვერდე-63
3იემენი-56
4ლიბანი-49
5მონტენეგრო-48
6ყირგიზეთი-47
7ტუვალუ-47
8პალაუ-46
9გრენადა-44
10ანდორა-42

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი გაბონს აქვს – მშპ-ის 35%, რაც ნავთობის ექსპორტის დამსახურებაა. შემდეგ მოდის პაპუა–ახალი გვინეა მშპ-ის 34%-ით. დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ტოპ–9 ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი. აქედან 8 (პაპუა–ახალი გვინეის გარდა) ნავთობის ექსპორტიორია.

თუ ნომინალურ რიცხვებში ვნახავთ, მსოფლიოში ყველზე მაღალი დადებით ბალანსი – 1.2 ტრილიონი დოლარი ჩინეთს აქვს, შემდეგ მოდის გერმანია 221 მილიარდი დოლარით და ტაივანი 147 მილიარდი დოლარით.

საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსის მქონე ქვეყნები, 2025 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1გაბონი35
2პაპუა–ახალი გვინეა34
3გაიანა31
4ბრუნეი28
5გვინეა25
6ლიბია24
7კატარი23
8ბაჰრეინი21
9ქუვეითი19
10ირლანდია19

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ბელიზი და ბაჰამის კუნძულებია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მშპ-ის -15.9%, თურქეთის დეფიციტი მშპ-ის -5.8%-ია. აზერბაიჯანსა და რუსეთს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 0.9% და რუსეთს მშპ-ის 4.5%.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა