Forbes Georgia
ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 87-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 87-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალს ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით ითვლის, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ, ქვეყნის რეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიღებულ შემოსავალს. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება ქართველების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.
ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ ითვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებულ ფასების დონეებს ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკის 2025 წლის რეიტინგი 187 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით ზრდის რეიტინგში
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 187 ქვეყანას შორის 87-ე ადგილზეა. რეიტინგში 2025 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე წლიურმა ეროვნულმა შემოსავალმა 8,990 დოლარი შეადგინა.
2024 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 6,870 დოლარი იყო და საქართველო რეიტინგში 86-ე ადგილს იკავებდა. 2025 წელს რეიტინგში საქართველო 1 საფეხურით ჩამოქვეითდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მოსახლეზე შემოსავალი გაიზარდა. ეს განაპირობა იმან, რომ სომხეთის მაჩვენებელი მეტად გაიზარდა და საქართველოს გადაასწრო.
„ატლასის მეთოდით“ დათვლილი ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარდა, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტებისა და იმიგრანტების გამომუშავებულ თანხაზე. როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, „ატლასის მეთოდით“ დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება.
გრაფიკი 1. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი

ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია
მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, 2025 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი შვეიცარიაში იყო – 98,280 დოლარი. მეორე ადგილზე ნორვეგიაა 97,310 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ-10-ში აშშ, სინგაპური და კატარი ხვდებიან.
ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს სომხეთი (9,020 დოლარი), ბელარუსი (9,160 დოლარი) და ჩრდილოეთი მაკედონია (9,490 დოლარი) არიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 16,300 დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 15,960 დოლარით. აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 7,360 დოლარია.
ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 240 დოლარია. შემდეგ მოდის ავღანეთი 390 დოლარით და მადაგასკარი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 560-560 დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, დოლარი, 2025 წელი
| ქვეყანა | დოლარი | |
| 1 | შვეიცარია | 110,330 |
| 2 | ნორვეგია | 97,310 |
| 3 | ლუქსემბურგი | 95,720 |
| 4 | ისლანდია | 89,220 |
| 5 | აშშ | 88,810 |
| 6 | ირლანდია | 87,360 |
| 7 | სინგაპური | 81,760 |
| 8 | დანია | 77,190 |
| 9 | კატარი | 74,330 |
| 10 | ნიდერლანდები | 68,530 |
წყარო: მსოფლიო ბანკი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
