სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა

საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს. საგარეო ვაჭრობის ბალანსი ექსპორტს გამოკლებული იმპორტია. შესაბამისად, როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია, ბალანსი დეფიციტურია, ანუ გვაქვს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ვაჭრობის ბალანსის მშპ-თან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.

როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.

საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში

ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე მსოფლიო ბანკს მონაცემები 2020 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -29.4% შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 19 ქვეყანას აქვს. ეს მონაცემები ახლოსაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან. საქსტატის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 15.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -29.7%-ია.

2020 წელს საქართველოს ექსპორტმა 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 8 მილიარდი დოლარი. ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა 4.7 მილიარდი დოლარია.

2019 წელს საქართველოს ექსპორტი 3.8 მილიარდი დოლარი იყო და 2020 წელს პანდემიის გამო  13%-ით შემცირდა. 2019 წელს საქართველოს იმპორტი 9.5 მილიარდი დოლარი იყო და პანდემიის გამო გასულ წელს 17%-ით შემცირდა. რადგან იმპორტი მეტად შემცირდა, ვიდრე ექსპორტი, 2020 წელს სავაჭრო დეფიციტიც შემცირდა. 2019 წელს ვაჭრობის დეფიციტი 7.7 მილიარდი დოლარი იყო, მშპ-ის -32.7%.

 საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2012-2020 წლებში

მონაცემების წყარო: საქსტატი

ქვეყნები, რომლებსაც საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დეფიციტი აქვთ

მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ტუვალუა. ტუვალუ პატარა ქვეყანაა 12 ათასამდე მოსახლეობით. ქვეყანას ექსპორტი თითქმის არა აქვს, იმპორტი კი 45 მლნ დოლარამდე აქვს. მეორე ადგილზე კირიბატია, რომელიც ასევე პატარა ქვეყანაა 120 ათასი მოსახლით. 2020 წელს კირიბატმა 12 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა, როცა იმპორტმა 184 მლნ დოლარი შეადგინა. ტოპ-ათეულში ძირითადად პატარა ქვეყნები ხვდებიან. ევროპის კონტინენტიდან მხოლოდ ანდორა და მონტენეგროა ათეულში.

მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს გრენადა, გამბია, ნეპალი და ავღანეთია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მშპ-ის -16%, თურქეთის მშპ-ის -6.8%-ია. რუსეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 7% და რუსეთს მშპ-ის 6%.

საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი სურინამს აქვს – მშპ-ის 30%. პაპუა-ახალ გვინეას მშპ-ის 24% აქვს, ვენესუელას მშპ-ის 23%, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მშპ-ის 22%.

ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2019 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ტუვალუ

95

2

კირიბატი

86

3

პალაუ

57

4

ლესოტო

51

5

სეიშელის კუნძულები

51

6

ანდორა

47

7

დომინიკა

43

8

მალდივის კუნძულები

42

9

მონტენეგრო

42

10

კაბო-ვერდე

40

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა