"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო ღვინის ექსპორტის მსოფლიო რეიტინგში
2019 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა.
სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებს ეფუძნება. ამ დროისთვის ქვეყნების მიხედვით 2019 წლის ღვინის ექსპორტია ცნობილი. 2019 წელს ექსპორტზე ღვინო 149 ქვეყანამ გაიტანა. სწორედ 149 ქვეყანას შორის იკავებს საქართველო მე-17 ადგილს. 2018 წელს საქართველო მე-20 ადგილზე იყო.
2019 წელს საქართველოდან 223 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 13%-ით მეტია 2018 წლის ექსპორტზე. 2020 წელს ღვინის ექსპორტი 5.6%-ით შემცირდა და 210 მლნ დოლარი შეადგინა. 2019 წელს მსოფლიოში სულ 36 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.6% იყო.
საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის შეტანა დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში კი ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.
2020 წელს საქართველომ ღვინო სულ 58 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 120 მლნ დოლარის – რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 57%-ია. მეორე ადგილზე უკრაინაა, სადაც 24 მლნ დოლარის გაიტანა. შემდეგ მოდის ჩინეთი 13 მლნ დოლარით, პოლონეთი 11 მლნ დოლარით, ბელარუსი 9.4 მლნ დოლარით, ყაზახეთი 7 მლნ დოლარით და აშშ 4.2 მლნ დოლარით.
საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი
ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები
The World Factbook-ის მონაცემებით, 2019 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 11 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის მსოფლიო საექსპორტო ბაზრის 31% უჭირავს. მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 7.3 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთსა და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 51% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.1 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 74% მოდის.
არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ავსტრალია (2.1 მილიარდი დოლარი) და ჩილე (1.9 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.
ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ავსტრია (225 მლნ დოლარი) და ბელგიაა (205 მლნ დოლარი).
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2019 წელს სომხეთმა 12 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში 51-ე ადგილი დაიკავა. რუსეთმა და თურქეთმა 10-10 მლნ დოლარის ღვინო გაიტანეს ექსპორტზე, აზერბაიჯანმა კი 7.3 მლნ დოლარის.
ღვინის ექსპორტიორი ტოპ-20 ქვეყანა, 2019 წელი
ქვეყანა | მლნ აშშ დოლარი | |
1 | საფრანგეთი | 10,965 |
2 | იტალია | 7,324 |
3 | ესპანეთი | 3,124 |
4 | ავსტრალია | 2,085 |
5 | ჩილე | 1,929 |
6 | აშშ | 1,385 |
7 | ახალი ზელანდია | 1,217 |
8 | გერმანია | 1,157 |
9 | პორტუგალია | 920 |
10 | გაერთიანებული სამეფო | 837 |
11 | არგენტინა | 798 |
12 | სამხრეთი აფრიკა | 663 |
13 | სინგაპური | 518 |
14 | ნიდერლანდები | 393 |
15 | ლატვია | 282 |
16 | ავსტრია | 225 |
17 | საქართველო | 223 |
18 | ბელგია | 202 |
19 | ჰონგ-კონგი | 193 |
20 | ლიეტუვა | 184 |
წყარო: The World Factbook, CIA
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024