გია ბერიძე EY-ის სატრანსფერო ფასწარმოქმნის დეპარტამენტის მენეჯერია. ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში. სვონზის ბინზესის სკოლის მაგისტრი (UWTSD).

რამდენად შეიძლება გადასახადების შემცირება საქართველოში?

გია ბერიძე

გადასახადების შემცირება კარგი იდეაა, თუ შედეგად ეკონომიკა იზრდება და მთავრობა ხალხს, აკრეფილი მცირე გადასახადებით, ეფექტიან საჯარო მომსახურებას აწვდის.

რამდენად (არ) შეიძლება გადასახადის განაკვეთების შემცირება? ხომ არ იტყუებიან პოლიტიკოსები, როცა გადასახადების შემცირებას ან გაუქმებას გვპირდებიან? ან იციან ის, რომ გადასახადების რაღაც ნაწილის შემცირება საქართველოში თითქმის შეუძლებელია  საგადასახადო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გათვალისწინებით?

დაბეგვრის მოკლე ისტორიული მიმოხილვა საქართველოში

ნაციონალური მოძრაობა:

2004-დან 2012 წლამდე ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდა. 36-დან ექვს გადასახადამდე შემცირდა გადასახადების რაოდენობა, საგადასახადო ადმინისტრირება ელექტრონული და მოქნილი გახდა. მეორე საკითხია, ტვირთი სხვადასხვა ფონდში გადახდილი შესაწირავების ხარჯზე, ბიზნესის ნაწილისთვის შეიძლება უფრო მეტი იყო. 2012-ში ხელისუფლების ცვლილებამდე, საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერით, უნდა გაუქმებულიყო გადასახადი დივიდენდზე, პროცენტზე და როიალტიზე, ხოლო საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირებულიყო 20-დან 15%-მდე. გადასახადების ზრდა კი რეფერენდუმითაა შესაძლებელი.

ქართული ოცნება:

ქართული ოცნება დეკლარირებულად მემარცხენე, სოციალისტური პარტიაა, ასეთი პარტიები ჩვეულებრივ მაღალი გადასახადების მომხრე არიან, მაგრამ რადგან  მანამდე ლიბერტარიანელმა ბენდუქიძემ  გადასახადების ზრდა რეფერენდუმს მიაბა, გადასახადები აღარ გაზრდილა, გარდა აქციზისა, რომელიც ამ წესიდან, როგორც გამონაკლისი, რეფერენდუმს არ მოითხოვს. გაუქმდა კოდექსში ჩადებული ცვლილება  საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებაზე, ასევე წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების დივიდენდი, პროცენტი, როიალტი არ გაუქმებულა. მემარჯვენე კვირიკაშვილმა, პრემიერობისას, მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი შემოიღო. მოგებით იბეგრება კომპანია მაშინ, როცა ბიზნესი ფულს ანაწილებს ფიზიკურ პირზე. ბიზნესს ეს რეფორმა მოსწონს.

საქართველოში არსებული საგადასახადო ტვირთი/განაკვეთები:

  • მოგების გადასახადი -15%;
  • დღგ -18%;
  • საშემოსავლო -20%;
  • ქონება -1%;
  • აქციზი – დიფერენცირებულია საქონლის ჯგუფების მიხედვით;
  • იმპორტის გადასახადი -5% და 12% სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

გარდა აღნიშნულისა, ვიხდით ინფლაციის გამო ფარულ გადასახადებს, რომლებიც კანონით არაა განსაზღვრული.

ამ გადასახადებიდან დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადი საბიუჯეტო შემოსავლებში დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.

საერთაშორისო საგადასახადო ჩარჩო

მოგების გადასახადი

2021 წლის ივლისში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ხელმძღვანელობით 130–ზე მეტმა ქვეყანამ, რომლებიც ქმნიან მსოფლიოს მშპ-ს, 90%-ზე მეტს, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს  მოგების გადასახადების ახალი საერთაშორისო ჩარჩოს შესაქმნელად. ეს მოიცავს ქვეყნების საგადასახადო უფლებების განაწილებას და მინიმალური 15-%-იანი გადასახადის განაკვეთზე შეთანხმებას. განცხადებას შეუერთდა საქართველოც.

მიზეზი მინიმალურ განაკვეთზე შეთანხმებისა, არათანაბარი საგადასახადო კონკურენციაა. თუ პირობითად საქართველოში გადასახადის განაკვეთი, დავუშვათ, 0%-ის ტოლია,  ბრიტანეთში 19%-ისა და აშშ-ში 21%-ის, სხვა თანაბარ პირობებში კომპანია ინვესტიციას აკეთებს ჩვენთან. როცა მოგების გადასახადი გაუქმებულია, მულტინაციონალური კომპანია ცდილობს სათავო ოფისის გადატანას, მისი საბუღალტრო მოგების კონცენტრირებას, სესხების გაცემას, არამატერიალური აქტივების განთავსება-გაცემას, რათა ამ ქვეყნიდან გასცეს უფლებები და შემდეგ იქ მიიღოს შემოსავალი, გაყიდოს საქონელი ამ იურისდიქციიდან და ა.შ. კომპანია იღებს შემოსავალს, გადასახადს არ იხდის. ზოგავს გადასახადით.

ამ წესიდან და ასევე წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების გაუქმება (დივიდენდი, პროცენტი, როიალტი) გამოიწვევს ქვეყნის საგადასახადო სამოთხედ, ოფშორად მიჩნევას, ასევე მოხვდება ევროკავშირის შავ ან ნაცრისფერ სიაში, რაც გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში არსებულ უცხოურ კომპანიებს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნებათ მათი წარმოშობის ქვეყანაში.

გამომდინარე აქედან, საქართველოში მოგების გადასახადის შემცირება დღეს შეუძლებელია. მართალია, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მაგრამ თუ ის ამ უფლებას გამოიყენებს, სხვა წინააღმდეგობას შეხვდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ქვეყანა თავისი განვითარების სტრატეგიად ირჩევს ოფშორად ყოფნას და სხვა რეფორმებსაც გაატარებს. ევროპაში ამ წესიდან გადახვეული აქვთ ირლანდიას (12,5%) და უნგრეთს (9%), რომლებზეც ამის გამო დიდია საერთაშორისო ზეწოლა.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. გრძელვადიან პერიოდში ჩვენი სურვილია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, გასაზიარებელია ის რეგულაციები, რაც იქ მოქმედებს. ევროკავშირს დაწესებული აქვს დღგ-ის მინიმალური განაკვეთი და ის 15%-ის ტოლია. ამ პირობის გარეშე ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე განვითარება შეუძლებელია, ამიტომ დღგ-ის შემცირება 18%-დან მხოლოდ 15%-მდეა  შესაძლებელი.

საშემოსავლო გადასახადს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, მისი შემცირება დაგეგმილი იყო და  ეს გეგმა შეიცვალა.

საშემოსავლო და სხვა გადასახადებთან (აქციზი, იმპორტი, ქონება) დაკავშირებით, მსგავსი საერთაშორისო შეზღუდვები არ არსებობს. თუმცა, ლოგიკურად, ჩვეულებრივ საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადზე ნაკლები არ უნდა იყოს, რადგან ბიზნესის დამფუძნებლები ხელფასად გაიტანენ მოგებას –  მოგების გადასახადის თავიდან ასარიდებლად.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას ის, რომ ქვეყნის მთავარი გადასახადების – მოგება, საშემოსავლო და დღგ-ის – 15%-ზე ნაკლებად შემცირება დღეს თითქმის შეუძლებელია.  დაბეგვრის  ეს საერთაშორისო წესები მომავალში შეიძლება შეიცვალოს.

როგორც ფრიდმანი ამბობდა, გადასახადის შემცირება ყოველთვის კარგი იდეაა, თუმცა საბიუჯეტო დეფიციტისა და ქვეყნის ვალის მშპ-სთან მაღალი წილის პირობებში გადასახადების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების საჭიროების მიხედვით უნდა იყოს განხილული და ისიც უნდა ვიცოდეთ, საერთაშორისო თანამშრომლობის გამო, რა გადასახადი შეიძლება შემცირდეს და რა – არ.

გააზიარე