Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
საქართველო გლობალური მშვიდობის რეიტინგში
გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
გლობალური მშვიდობის ქვეყნების რეიტინგი გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ავსტრალიური ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს. ბოლო ინდექსმა, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, 163 ქვეყანა მოიცვა.
ინდექსი სწავლობს, რა დონის შიდა და გარე კონფლიქტებშია ჩართული ქვეყანა და რამდენად ჰარმონიულად ცხოვრობს მოსახლეობა. კვლევა 23 ინდიკატორს მოიცავს. ინდიკატორები ექსპერტების გამოკითხვით და სხვა ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით დგება. ქვეყნის მშვიდობიანობის დონე 1-დან 5 ქულამდე ფასდება, სადაც 1 სრულად მშვიდობიანს ნიშნავს და 5 – პირიქით, მაღალ საფრთხეს.
შეფასების ინდიკატორები 3 ჯგუფად იყოფა: 1. მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფლიქტები, 2. საზოგადოების უსაფრთხოება და დაცულობა და 3. მილიტარიზაცია.
ქვეყნები მშვიდობის დონის მიხედვით 5 ჯგუფად ნაწილდებიან: მაღალი დონის, მაღალი, საშუალო, დაბალი და ძალიან დაბალი.
საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსში
2021 წლის ივნისში გამოქვეყნებული გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს 2.054 ქულა აქვს და 163 ქვეყნიდან 89-ე ადგილს იკავებს. 2020 წელს საქართველოს 2.116 ქულა ჰქონდა და 95-ე ადგილს იკავებდა. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 0.062-ით გაუმჯობესდა.
საქართველო საშუალო დონის მშვიდობის მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება.
ცალკე აღებულ მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფლიქტების ინდიკატორში საქართველოს 1.805 ქულა აქვს, 2020 წელს 1.806 ქულა ჰქონდა. საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაცულობაში საქართველოს 2.375 ქულა აქვს, გასულ წელს 2.522 ქულა ჰქონდა. მილიტარიზაციაში საქართველოს 1.813 ქულა აქვს, გასულ წელს 1.807 ქულა ჰქონდა. შესაბამისად, გაუარესება საქართველოს მხოლოდ მილიტარიზაციაში აქვს. ყველაზე მაღალი ქულა – 2.375 (რაც უფრო ცუდ მდგომარეობას ნიშნავს) საქართველოს საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაცულობაში აქვს. ამის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა, დევნილების არსებობა და პატიმრების რაოდენობაა.
2012 წელს საქართველოს 2.67 ქულა ჰქონდა და 146-ე ადგილზე იყო. მას შემდეგ დადებითი ტენდენცია აქვს, ქულა მცირდება და რეიტინგში საქართველოს ადგილი უმჯობესდება. გამონაკლისი იყო 2018 წელი, როცა საქართველოს ქულა გაუარესდა და 97-ე ადგილიდან 102-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
რეიტინგში საქართველოს მეზობლები კუბა (2.042 ქულა), ეკვადორი (2.044 ქულა), უზბეკეთი (2.062 ქულა) და ბანგლადეშია (2.068 ქულა).
საქართველოს პოზიცია გლობალური მშვიდობის ინდექსში
საქართველოს ქულა გლობალური მშვიდობის ინდექსში
ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები
გლობალური მშვიდობის ინდექსში პირველ ადგილზე ისლანდიაა 1.1 ქულით, ანუ ისლანდიაში იდეალურთან (1 ქულასთან) მიახლოებული სიტუაციაა. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 1.253 ქულით, რომელსაც ცოტათი ჩამორჩება დანია (1.256 ქულა). ტოპ-10 ქვეყანაში 7 ევროპული ქვეყანაა.
რეგიონში საქართველო ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნაა. რეიტინგში სომხეთი 94-ე ადგილზეა (2.075 ქულით), აზერბაიჯანი 121-ე ადგილზეა (2.334 ქულით), თურქეთი 149-ე ადგილზეა 2.843 ქულით და რუსეთი 154-ე ადგილზეა (2.993-ე ქულით).
ინდექსში შემავალი 163 ქვეყნიდან ბოლო ადგილზეა და, შესაბამისად, ყველაზე საფრთხის შემცველი ქვეყანა ავღანეთია. შემდეგ მოდიან იემენი, სირია, სამხრეთი სუდანი და ერაყი.
მშვიდობის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ისლანდია | 1.1 |
2 | ახალი ზელანდია | 1.253 |
3 | დანია | 1.256 |
4 | პორტუგალია | 1.267 |
5 | სლოვენია | 1.315 |
6 | ავსტრალია | 1.317 |
7 | შვეიცარია | 1.323 |
8 | ირლანდია | 1.326 |
9 | ჩეხეთი | 1.329 |
10 | კანადა | 1.33 |
წყარო: Institute for Economics & Peace
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 17, 2023
- on აპრილი 11, 2023
- on დეკემბერი 15, 2021
- on დეკემბერი 8, 2021
- on ივნისი 23, 2021
- on აპრილი 14, 2021
- on მარტი 10, 2021
- on თებერვალი 12, 2021