სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო „ჰერიტიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

საქართველო „ჰერიტიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

„ჰერიტიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი განსაზღვრავს, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებს ადგენენ. ახლა მხოლოდ „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ინდექსს განვიხილავთ, ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსზე მომავალში დავწერთ.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. ბოლო ინდექსი, რომელიც 184 ქვეყანას მოიცავს, მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა,  2021 წელს გამოქვეყნებული ინდექსი ძირითადად 2019-2020 წლების მდგომარეობას ასახავს.

ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაფუძნებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

ინფორმაციის წყაროს სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები წარმოადგენს. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები. ასეთი მხოლოდ 5 ქვეყანაა; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები. ასეთი 33 ქვეყანაა; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები. ასეთი 59 ქვეყანაა; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები. ასეთი 63 ქვეყანაა და 5. 0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები. ასეთი 18 ქვეყანაა.

საქართველო „ჰერიტიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2021 წლის მარტში გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების „ჰერიტიჯის’ ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა 77.2 ქულით (100 ქულიდან). ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.1 პუნქტით გაუმჯობესდა. ეს მცირედი გაუმჯობესება ძირითადად მთავრობის ზომის კრიტერიუმების ქულის მატებამ განაპირობა. საქართველოს ქულები შემცირდა საკუთრების დაცვაში, კორუფციაში, ბიზნესის თავისუფლებაში, მონეტარულ თავისუფლებასა და საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში საქართველო საკმაოდ მაღალ, მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მისი ქულები კანონის უზენაესობაში მაინც დაბალია. სასამართლოს ეფექტიანობაში საქართველოს 59.3 ქულა აქვს, რაც მეტწილად არათავისუფალი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. 64.6 ქულა აქვს საქართველოს კორუფციის დონეში და 66.9 ქულა აქვს საკუთრების დაცვაში. რომ არა კანონის უზენაესობაში ჩავარდნა, საქართველო თვისუფალი ქვეყნების ჯგუფში მოხვდებოდა.

ყველაზე მაღალი ქულები საქართველოს მთავრობის ზომის კრიტერიუმებში აქვს. მათ შორის, ფისკალურ სტაბილურობაში 94.9 ქულა აქვს, საგადასახადო ტვირთში – 89.1. შედარებით დაბალი ქულა – 76.9 – აქვს მთავრობის ხარჯებში.

რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების კრიტერიუმებში საქართველოს ქულები 70-დან 86-მდე მერყეობს. ფინანსურ თავისუფლებაში 70 ქულა აქვს, შრომის და მონეტარულ თავისუფლებაში – 76.7, ინვესტირების თავისუფლებაში – 80, ბიზნესის თავისუფლებაში – 84.9 და საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში – 86.

რეიტინგში საქართველო გასულ წელსაც მე-12 ადგილზე იყო. ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა, თუმცა ქულა უფრო დაბალი (76.2) ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს. ეს ნიშნავს, რომ რეიტინგში საქართველოს ჩამოქვეითება სხვა ქვეყნების ქულების სწრაფად ზრდამ განაპირობა.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

წყარო: The Heritage Foundation

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე სინგაპურია 89.7 ქულით, რომელსაც არც ერთ კრიტერიუმში არა აქვს 80-ზე ნაკლები ქულა. მეორეზე ახალი ზელანდიაა 83.9 ქულით. პირველ ხუთეულში, ანუ თავისუფალ ქვეყნებში, ხვდებიან ასევე ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია.

რეიტინგში საქართველოს მეზობლები ისლანდია (მე-11 ადგილი) და მავრიკი (მე-13 ადგილი) არიან. გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი – 32-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 38-ე ადგილი, თურქეთი – 76-ე ადგილი და რუსეთი – 92-ე ადგილი.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილო კორეაა 5.2 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე ვენესუელაა 24.7 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე – კუბა 28.1 ქულით.

ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

 

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

89.7

2

ახალი ზელანდია

83.9

3

ავსტრალია

82.4

4

შვეიცარია

81.9

5

ირლანდია

81.4

6

ტაივანი

78.6

7

გაერთიანებული სამეფო

78.4

8

ესტონეთი

78.2

9

კანადა

77.9

10

დანია

77.8

წყარო: The Heritage Foundation

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა