"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში 63-ე ადგილზეა

ბესო2

ჰუმანური განვითარების რეიტინგში, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით დგება, საქართველო 63-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ჰუმანური განვითარების ინდექსს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2010 წლიდან ინდექსი განახლებული მეთოდოლოგიით ქვეყნდება. ინდექსის ბოლო ანგარიში მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა და 191 ქვეყანა მოიცვა.

ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, ეს ნიშნავს, რომ ჰუმანური განვითარების დონე უფრო მაღალია.

ჰუმანური განვითარების დონე რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე, მოსახლეობის შემოსავლების დონე და გენდერული თანასწორობა. ჯანდაცვის დონე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით ფასდება. განათლების დონე მოსახლეობის მიერ სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლით. 2022 წლის ინდექსში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ინდექსისა და სიღარიბის ინდექსის შედეგებიც. ინდექსი დამატებით მოიცავს უმუშევრობის დონის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმებს.

საქართველო ჰუმანური განვითარების ინდექსში

ჰუმანური განვითარების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზეა 0.802 ქულით. რეიტინგში საქართველოს მეზობლები პანამა და სერბია არიან.

2021 წელს ახალი ინდექსი არ გამოქვეყნებულა, 2020 წლის ინდექსში კი საქართველო 0.810 ქულით 61-ე ადგილზე იყო. ბოლო 2 წელიწადში საქართველოს ქულა 0.008-ით გაუარესდა. ბოლო 22 წელიწადში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ქულა მცირდება. პირველად 2008 წელს შემცირდა. სხვა წლებში საქართველოს ქულა სულ იზრდებოდა და ბოლო 10 წელიწადში 0.029-ით გაუმჯობესდა. 2014 წელს საქართველო 0.744 ქულით მსოფლიოში 79-ე ადგილზე იყო.

ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 71.7 წელია. ერთი ადამიანი საშუალოდ 15.6 წელს ატარებს სწავლაში – სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი (GNI) 14,664 PPP დოლარია. ზრდასრულ მოსახლეობაში დასაქმების დონე 59%-ია.

საქართველოს ქულა ჰუმანური განვითარების ინდექსში

წყარო: Human Development Index, UNDP
ჰუმანური განვითარების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შვეიცარიაა 0.962 ქულით. შვეიცარიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია. მოქალაქეები საშუალოდ 16.5 წელი სწავლობენ და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 66,933 PPP დოლარია. უკიდურეს სიღარიბეში არავინ ცხოვრობს. მეორე ადგილზე ნორვეგიაა, ხოლო მესამეზე – ისლანდია. ტოპ 10-ში ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჰონგ-კონგი და ავსტრალია ხვდებიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ჰუმანური განვითარების რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ: რუსეთი 52-ე ადგილზეა 0.822 ქულით (არ მოიცავს უკრაინასთან ომის შედეგებს), თურქეთი 48-ე ადგილზეა 0.838 ქულით, სომხეთი 85-ე ადგილზეა 0.759 ქულით და აზერბაიჯანი 91-ე ადგილზეა 0.745 ქულით.

ჰუმანური განვითარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია, რომელსაც 0.385 ქულა აქვს. შემდეგ ცენტრალური ჩადი, ნიგერი, ცენტრალური აფრიკა და ბურუნდი მოდიან. ბოლო ათეულში ყველა ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდანაა.

ჰუმანური განვითარების დონით ტოპ 10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1შვეიცარია0.962
2ნორვეგია0.961
3ისლანდია0.959
4ჰონგ-კონგი0.952
5ავსტრალია0.951
6დანია0.948
7შვედეთი0.947
8ირლანდია0.945
9გერმანია0.942
10ნიდერლანდები0.941

წყარო: Human Development Index, UNDP

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა