"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ინფლაციის დაბალი დონით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

2 (15)

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს თითქმის ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე დასახელების განსხვავებულ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. თუმცა პრინციპი საერთოა: სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც ძირითადად ხარჯავს მოსახლეობა ფულს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის მომსახურების წილი.

სამომხმარებლო ფასების ინდექსში პროდუქტებს განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო საერთო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ.

ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.

საქართველო ინფლაციის რეიტინგში

Trading Economics-ის 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 0.4%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა 166 ქვეყანას შორის, ანუ უფრო დაბალი ინფლაცია 11 ქვეყანაშია, ხოლო 154 ქვეყანაში უფრო მაღალი ინფლაციაა.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 6.4%-ით რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტი, რომელიც 5.1%-ით გაძვირდა. განათლება 3.6%-ით გაძვირდა, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 3.4%-ით. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 43%-ით, ატამი გაძვირდა. შემდეგ მოდის ყურძენი, რომელიც 35%-ით გაძვირდა. ავტომობილის რეცხვა 30%-ით გაძვირდა, საბანკო მომსახურება – 26%-ით, ბავშვის ტანსაცმელი – 22%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 42%-ით წიწიბურა გაიაფდა. კარტოფილი 35%-ით გაიაფდა, ზეთი – 29%-ით, მედიკამენტები – 36%-ით, ტელევიზორი – 22%-ით. სურსათის ფასები საშუალოდ 2.7%-ით შემცირდა, ჯანდაცვის – 3.8%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო: საქსტატი

ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ლიბანში გაიზარდა – 212%-ით. ლიბანს ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე არგენტინაა, სადაც ფასები 211%-ით გაიზარდა. შემდეგ ვენესუელა მოდის 190%-იანი ინფლაციით. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან, თუმცა ქვეყნების პირველ ათეულში ხვდება თურქეთი, სადაც ინფლაცია 65%-ია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია (65%). აზერბაიჯანში ინფლაცია 8.8%-ია, რუსეთში – 7.4%, ხოლო სომხეთში – 0.6%.

დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა 9 ქვეყანაში, მათ შორის, ყველაზე მეტად კამერუნში (-17%-ით), ახალ კალედონიაში (-9%-ით) და სეიშელის კუნძულებზე (-2.7%-ით).

ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1ლიბანი212
2არგენტინა211
3ვენესუელა190
4თურქეთი65
5სიერა-ლეონე54
6კონგო43
7ირანი40
8სურინამი39
9ეგვიპტე34
10მალავი33

წყარო: tradingeconomics.com

ყველაზე დაბალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1კამერუნი-17
2ავღანეთი-9
3სეიშელის კუნძულები-2.7
4კოსტა-რიკა-1.8
5ტაილანდი-0.8
6მალი-0.5
7ბაჰრეინი-0.4
8ჩინეთი-0.3
9ახალი კალედონია-0.1
10ბრუნეი0.2

წყარო: tradingeconomics.com

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა