Forbes Georgia
საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 39-ე ადგილზეა

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის 39-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი 300-მდე დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. მასში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც მოსახლეობა ძირითადად ხარჯავს ფულს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყნებში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის წილი.
სფი-ში პროდუქტებს განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, საშუალო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოში პურის გაძვირება უფრო ზრდის ინფლაციის დონეს, ვიდრე ბანანის გაძვირება.
ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრავად.
საქართველო ინფლაციის რეიტინგში
Trading Economics-ის 2026 წლის აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 5.9%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა 165 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 38 ქვეყანაშია, ხოლო 126 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა ან პირიქით, ფასები შემცირდა.
საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 10.3%-ით ტრანსპორტი გაძვირდა (მოიცავს პირადი ავტომობილის გამოყენების ხარჯის ზრდასაც, მაგალითად, ბენზინის გაძვირებას). 7.5%-ით გაძვირდა სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და რესტორნების მომსახურება. 6.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადები.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 103%-ით მწვანე ლობიო გაძვირდა. შემდეგ მოდის ქლიავი, რომელიც 89%-ით გაძვირდა. მსხალი 42%-ით გაძვირდა, პომიდორი 38%-ით, თევზი 24%-ით, ძროხის ხორცი 19%-ით. დიზელის საწვავი 32%-ით გაძვირდა, ბენზინი 16%-ით. ელექტროენერგიის გადასახადი 25%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 4%-ით – კავშირგაბმულობის მომსახურება გაიაფდა. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 23%-ით ხახვი გაიაფდა. ნიორი 13.5%-ით გაიაფდა. ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა 18%-ით გაიაფდა. 13%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახადი.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში, პერიოდის ბოლოს

წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია
ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ვენესუელაში გაიზარდა – 612%-ით. ვენესუელას ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ირანია, სადაც ფასები ბოლო წელს 50%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან. ტოპ-10-ში შემავალი არგენტინა და თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია – 32.4%. რუსეთში ინფლაცია 5.6%-ია, აზერბაიჯანში –5.5%, ხოლო სომხეთში – 5.3%.
ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა
| ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
| 1 | ვენესუელა | 612 |
| 2 | ირანი | 50 |
| 3 | არგენტინა | 32.4 |
| 4 | თურქეთი | 32.4 |
| 5 | მალავი | 24.3 |
| 6 | ჰაიტი | 20.6 |
| 7 | ლიბანი | 20.0 |
| 8 | ნიგერია | 15.7 |
| 9 | ეგვიპტე | 14.9 |
| 10 | კუბა | 14.7 |
წყარო: tradingeconomics.com
ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა 12 ქვეყანაში. მათ შორის, ყველაზე მეტად პალესტინაში (-21.8%) და ნიგერში (-7.5%) შემცირდა.
ქვეყნები, სადაც ფასები ყველაზე მეტად შემცირდა
| ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
| 1 | პალესტინა | -21.8 |
| 2 | ნიგერი | -7.5 |
| 3 | გვინეა-ბისაუ | -4.3 |
| 4 | ჩადი | -3.0 |
| 5 | მალდივები | -1.7 |
| 6 | კოსტა-რიკა | -1.6 |
| 7 | ბენინი | -0.6 |
| 8 | ფარერის კუნძულები | -0.2 |
| 9 | ახალი კალედონია | -0.2 |
| 10 | ბრუნეი | -0.1 |
წყარო: tradingeconomics.com
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
