"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო მთავრობის ვალის მსოფლიო რეიტინგში
მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.
ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.
ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 54.2% და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 187 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 107 ქვეყანას აქვს, 79 ქვეყანა კი ნაკლებ ვალებშია. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 131-ე ადგილზე იყო, 2020 წლის ბოლოს კი 92-ე ადგილზე. პანდემიის შედეგად ბოლო 2 წელიწადში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 60% იყო. 2020 წელს მთავრობის ვალი 9.7 მილირდი ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. საქართველოს მთავრობის ვალის 80%-მდე საგარეო ვალია, რომელიც უცხოურ ვალუტაში (ძირითადად დოლარსა და ევროში) აქვს აღებული და ლარის გაუფასურების შემთხვევაში ლარში აღრიცხული ვალი იზრდება.
ფონდის პროგნოზით, საქართველოს მთავრობის ვალი 2021 წლის ბოლოს მშპ-ის 54.2% იქნება და 2020 წელთან შედარებით 1.6 მილიარდი ლარით გაიზრდება. 2022 წელს კი 35 მილიარდს ლარს მიაღწევს.
საქართველოს მთავრობის ვალი 2013-2016 წლებშიც იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 37.5%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2013-2020 წლებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს
სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად იაპონიას აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 257% ვალი აქვს – 13 ტრილიონ დოლარამდე. მეორე ადგილზე სუდანია, რომელსაც მშპ-ის მიმართ 210% ვალი აქვს. მესამე ადგილზე საბერძნეთია მშპ-ის მიმართ 207% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 30 ტრილიონი დოლარი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 62.2%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 38%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 29%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 18%.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.3%. შემდეგ ტუვალუ მოდის მშპ-ის მიმართ 6% და ქუვეითი მშპ-ის მიმართ 8% დავალიანებით.
ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2021 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | იაპონია | 257 |
2 | სუდანი | 210 |
3 | საბერძნეთი | 207 |
4 | ერიტრეა | 175 |
5 | კაბო-ვერდე | 161 |
6 | იტალია | 155 |
7 | სურინამი | 141 |
8 | ბარბადოსი | 138 |
9 | სინგაპური | 138 |
10 | მალდივები | 137 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024