საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 89-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის 3 მაისს გამოქვეყნდა, 180 ქვეყანას მოიცავს და 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 100 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 0 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათ საქმიანობაში ხელის შემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიაექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს, თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

მიმდინარე წლის 3 მაისს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 59.3 ქულა მიენიჭა და მან 89-ე პოზიცია დაიკავა 180 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 88 ქვეყანაშია. საქართველო 2021 წელს მე-60 ადგილზე იყო, ანუ საქართველო 29 ადგილით ჩამოქვეითდა. რეიტინგში ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს ქულის გაუარესებამ განაპირობა, რომელიც 71.4-დან 59.3-მდე შემცირდა. საქართველო ხვდებოდა დამაკმაყოფილებელი პრესის თავისუფლების მქონე ქვეყნებში, ახლა კი პრობლემატურ ქვეყნებშია.

საქართველოს ქულა ყველაზე მეტად შეამცირა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების მატებამ, განსაკუთრებით – 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებმა. ცალკე აღებულ ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომპონენტში საქართველოს 41.3 ქულა აქვს და ამ ქულით შრი-ლანკას და ჰონდურასს შორის არის. ჟურნალისტთა უსაფრთხოებით საქართველო 135-ე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მედია მრავალფეროვანია, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებულია, მედიის მფლობელები კი ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. საქართველოში აკრძალულია, რომ პოლიტიკური პარტია ფლობდეს მედიას, მაგრამ მედიის მფლობელები რეალურად მჭიდრო კავშირში არიან პოლიტიკოსებთან.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ჰქონდა, 2013 წელს (ასახავდა 2012 წლის რეალობას) მე-100 ადგილზე იყო 69.9 ქულით, 2020 წელს კი მე-60 ადგილზე იყო 71.4 ქულით. თუმცა რეალურად ამ პროგრესს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში, როდესაც საქართველოს ქულა 72.3-მდე გაიზარდა. შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ იცვლებოდა, გასულ წელს კი ქულა 2013 წლის დონეზე ქვემოთ ჩამოვიდა.

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

საქართველოს ქულა პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders
პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 92.7 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზე დანიაა 90.3 ქულით, ხოლო მესამეზე – შვედეთი 88.8 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში მხოლოდ ერთი არაევროპული ქვეყანა ხვდება – კოსტა-რიკა.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, 51-ე ადგილზეა 69 ქულით. თურქეთი 149-ე ადგილზეა 41 ქულით, აზერბაიჯანი 154-ე ადგილზეა 39 ქულით, ხოლო რუსეთი 155-ე ადგილზეა 38.8 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე, 180-ზე ჩრდილოეთი კორეაა 13.9 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი ერიტრეაა 19.6 ქულით, შემდეგ მოდიან ირანი, თურქმენეთი და მიანმარი.

პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ნორვეგია

92.7

2

დანია

90.3

3

შვედეთი

88.8

4

ესტონეთი

88.8

5

ფინეთი

88.4

6

ირლანდია

88.3

7

პორტუგალია

87.1

8

კოსტა-რიკა

85.9

9

ლიეტუვა

84.1

10

ლიხტენშტაინი

84.0

წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2022

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin