"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში

ბლოგი - პრესა

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა, რომელმაც 180 ქვეყანა მოიცვა. ბოლო კვლევა 2020 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 0 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 100 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელის შემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიაექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს,  თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

2020 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 28.64 ქულა მიენიჭა და მე-60 პოზიცია დაიკავა 180 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 59 ქვეყანაშია. საქართველო 2019 წელსაც მე-60 ადგილზე იყო. 2020 წელს საქართველოს ქულა 0.05-ით გაუარესდა, მაგრამ რეიტინგში იგივე პოზიცია შეინარჩუნა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განმარტებით,  საქართველოს მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ ძალიან პოლარიზებულია, მედიების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან. მაგალითად მოყვანილია რუსთავი 2-ის და აჭარის ტელევიზიები, თუ როგორ შეიცვალა მათი სარედაქციო პოლიტიკა მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილების შედეგად. ასევე აღნიშნულია, რომ  უსაფრთხოების სამსახურები და კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ, რაც თვალთვალსა და ცენზურას მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი პლატფორმა „მედიაკრიტიკა“ მედიის შინაარსს „ამოწმებს“ და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციას ახდენს. აღნიშნულია, რომ ზოგჯერ პოლიცია თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს და დაუსჯელი რჩება ამ ქმედებების გამო.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი აქვს, 2012 წელს 105-ე ადგილზე იყო 38 ქულით, ახლა კი მე-60 ადგილზეა 28.64 ქულით. თუმცა, რეალურად  ეს პროგრესი 2013-2014 წლებში შეინიშნებოდა, როდესაც საქართველოს ქულა 27.70-მდე შემცირდა (ქულის შემცირება პრესის მეტ თავისუფლებას ნიშნავს). 2020 წელს საქართველოს ქულა უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2014 წელს, ანუ პრესის თავისუფლება გაუარესდა.

2015-2020 წლებში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა (მცირედით გაუარესდა), რაც ნიშნავს, რომ საქართველო 6 წელია, ერთ დონეზე გაჩერდა და გაუმჯობესება აღარ ხდება. აღნიშნულ წლებში რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება იმით არის გამოწვეული, რომ სხვა ქვეყნების ქულები შემცირდა.

პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 6.72 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზე ფინეთია 6.99 ქულით, ხოლო მესამეზე –  შვედეთი 7.24 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში 3 არაევროპული ქვეყანა ხვდება: კოსტა-რიკა, იამაიკა და ახალი ზელანდია.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოსთან ახლოს, 63-ე ადგილზეა 28.83 ქულით. რუსეთი 150-ე ადგილზეა 48.71 ქულით, თურქეთი 153-ზე 49.79 ქულით, ხოლო აზერბაიჯანი 167-ე ადგილზეა 58.77 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე, 180-ზე ერიტრეაა 81.45 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი ჩრდილოეთი კორეა 81.28 ქულით, შემდეგ მოდიან თურქმენეთი, ჩინეთი და ჯიბუტი.

პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ნორვეგია

6.72

2

ფინეთი

6.99

3

შვედეთი

7.24

4

დანია

8.57

5

კოსტა-რიკა

8.76

6

ნიდერლანდები

9.67

7

იამაიკა

9.96

8

ახალი ზელანდია

10.04

9

პორტუგალია

10.11

10

შვეიცარია

10.55

წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2020

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა