საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

რუსეთის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ნატო-ში ინტეგრაციის შეფერხების მცდელობები

ბლოგი2

ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერები მულტიეთნიკური მოსახლეობის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის იდეის გარშემო გაერთიანების გზაზე ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. დაბრკოლებებს შორის აღსანიშნავია რუსეთის ფედერაცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით რეგიონზე გავლენის გავრცობასა და შენარჩუნებას ცდილობს.

ბალკანეთში კრემლის სტრატეგიას, დასავლური დემოკრატიის იმიჯის შელახვის, მემარჯვენე ჯგუფებისა და ავტორიტარული სტილის მმართველობის მხარდაჭერის, პოლიტიკური პოლარიზაციისა და რეფორმებზე ორიენტირებული ლიდერების შეფერხების გზით,  ზემოაღნიშნული რეგიონის ქვეყნების ნატო-სა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის შეჩერება წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისა და ალიანსების გაძლიერებას, უპირველეს ყოვლისა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და უცხოური სამხედრო ბაზებისა და ჯარების კონტინგენტის შესაძლო გამოჩენას რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს, უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარ საფრთხედ მოიაზრებს. აქედან გამომდინარე,  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას კრემლი  მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ებრძვის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სწრაფად აძლიერებს პროპაგანდისტულ და სადაზვერვო საქმიანობას ბალკანეთის სახელმწიფოებში, როდესაც ისინი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ზღვარზე იმყოფებიან.

რუსულ და პრორუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ადრე რუსეთის იმპერია „ბალკანელ ძმებს“ ოსმალეთისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა, ახლა მოსკოვი მათ ნატო-ს ჰეგემონიისგან იცავს.

მონტენეგრო

2015-2016 წლებში მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისი იყო – 2015 წელს საგამოძიებო ცენტრმა – ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტმა – The Organized Crime and Corruption Reporting Project – OCCRP მონტენეგროს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მილო ჯუკანოვიჩი „ორგანიზებულ დანაშაულში მხილებულ წლის ადამიანად“ გამოაცხადა, რის შედეგადაც, მონტენეგროში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ანტისამთავრობო პროტესტი ოპოზიციური კოალიციის, დემოკრატიული ფრონტის (Democratic Front) მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც გარდამავალი მთავრობის ფორმირებასა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

2016 წლის ივნისში სამთავრობო კოალიცია სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დატოვა და მილო ჯუკანოვიჩმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის ოქტომბერში ჩაინიშნა.

2016 წლის 16 ოქტომბერს – საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დღეს – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის სერბეთის, მონტენეგროსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის სერბეთის ჟანდარმერიის ყოფილი უფროსი, დააპატიმრეს.

რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, საპარლამენტო არჩევნების დღეს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, პოლიტიკური დაპირისპირება და მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობა უფრო ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში უნდა გადაზრდილიყო, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაციას შეაჩერებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოში შესაჭრელად და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაჩერებლად, სერბი ნაციონალისტი და გამოცდილი მებრძოლი – ალექსანდერ სინჯელიჩი გადაიბირეს. მთლიანობაში სახელმწიფო გადატრიალებაში 500-მდე პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები, ყოფილი სამხედრო პირები სერბეთიდან და მონტენეგროს პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმე წევრი, უნდა ჩართულიყო.

2017 წლის თებერვალში მონტენეგრომ  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რომელიც არჩევნების დღეს პარლამენტზე თავდასხმასა და პრემიერ-მინისტრის მკვლელობას ითვალისწინებდა, ოფიციალურად დაადანაშაულა. ოფიციალურმა მოსკოვმა ბრალდებები უარყო.

როდესაც კრემლმა მონტენეგროს ნატო-ში ინტეგრაცია ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებით ვერ შეაფერხა, ძალადობრივ მექანიზმებს მიმართა.

მონტენეგროს 2016 წლის არშემდგარი გადატრიალების მცდელობა ცხადყოფს იმას, თუ რაზეა წამსვლელი რუსეთის ფედერაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გავლენის გავრცობისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სახელმწიფოების ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად.

ჩრდილოეთი მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი 2014 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ – Social Democratic Union of Macedonia – SDSM საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მმართველი პოლიტიკური გაერთიანება – მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO – DPMN სახელმწიფოს მიტაცებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისი 2015 წლის თებერვლიდან განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ზორან ზაევმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი, 20 000-ზე მეტი, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტის, მოსამართლის, პროკურორის, ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაციის  აქტივისტის და ა.შ. უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა.

ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანება მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO – DPMNE ჩრდილოეთ მაკედონიას 2006 წლის ივლისიდან მართავდა, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერის – ზორან ზაევის მიერ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ლეგიტიმაცია დაკარგა.

ჩანაწერების გამოქვეყნებას ქვეყანაში, მმართველი გუნდის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

2015 წლის ივლისში ევროპის კავშირის მედიატორობით ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკურ პარტიებს შორის პრჟინოს შეთანხმება გაფორმდა, რომელიც რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარლამენტში დაბრუნებას; არჩევნებამდე 100 დღით ადრე მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომას; ივნისში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას; ოპოზიციური პარტიებიდან მინისტრების დანიშვნასა და სპეციალური პროკურორის მიერ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას ითვალისწინებდა.

პრჟინოს შეთანხმების შესრულებაზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სპეციალურ პროკურორად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი დაინიშნა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა ნიკოლა გრუევსკის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტისა და ფარული მიყურადების საქმის ფიგურანტი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. საბოლოოდ, ვადამდელი არჩევნები 2016 წლის 11 დეკემბერს ჩაინიშნა.

2016 წლის დეკემბრის საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავრობის ფორმირებისთვის მანდატის მიცემაზე უარი განაცხადა და ქვეყანა თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მთავრობის გარეშე დატოვა.

2017 წლის აპრილში პოლიტიკური კრიზისის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე გაჩნდა, როდესაც პარლამენტის სპიკერად ეთნიკური ალბანელი თალეთ ჯაფერის არჩევას საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტების ჯგუფის შეჭრა მოჰყვა.

„ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მხილების პროექტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, პარლამენტში ნაციონალისტების ჯგუფის შეჭრა არ იყო სპონტანური ქმედება და საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებში სერბეთისა და რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული.

რუსეთის ფედერაციამ ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისის მიმდინარეობისას ნიკოლა გრუევსკის მხარი ღიად დაუჭირა.  მოსკოვმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის „გულშემატკივრის“ როლი მოირგო და აშშ და ევროპის სახელმწიფოები ჩრდილოეთ მაკედონიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ერთ დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ფავორიტი, პროდასავლელი ნიკოლა გრუევსკი, რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილ ნაციონალისტ მმართველად მას შემდეგ იქცა, რაც 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონიის სამხედრო ალიანსში მიწვევის გადაწყვეტილებას საბერძნეთმა ვეტო დაადო. აღნიშნულმა ფაქტმა დასავლეთისადმი იმედგაცრუება გამოიწვია და ქვეყანა მძლავრი რუსული პროპაგანდის სამიზნე გახადა.

ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისი, დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით, 2017 წლის ივნისში დასრულდა. ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერობით მოვიდა. ახალი ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანი მეზობელ სახელმწიფოსთან – საბერძნეთთან ისტორიული დავის მოგვარება იყო.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ნატო-ში ინტეგრაციას.

მოსკოვი  ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში ინტეგრაციის შეფერხებას ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით, მართვადი ქაოსის წახალისებითა და ათენსა და სკოპიეს შორის ისტორიული შეთანხმების ჩაშლით ცდილობდა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ივან სავიდისი საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეთანხმების ჩასაშლელად, როგორც საბერძნეთში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში, პოლიტიკოსებთან, სასულიერო პირებთან, ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებთან და კრიმინალურ ფიგურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 2018 წლის ივნისში პრესპის შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მდებარე ქვეყნის ახალი კონსტიტუციური სახელწოდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (Erga Omnes), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაა.

2018 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის რეფერენდუმი გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონდა (იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად მიჩნეულიყო, აქტივობა 50%-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო).

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, იმისთვის, რომ საყოველთაო გამოკითხვაზე დაბალი აქტივობა ყოფილიყო და შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონოდა, სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ამას გარდა, „ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მხილების პროექტის“ ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ნახსენები ივან სავიდისი რადიკალ ნაციონალისტებს ფინანსურად ეხმარებოდა  და სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო გამოსვლებს ახალისებდა.

საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ჩრდილოატლანტიკური  ინტეგრაციის შეფერხების მცდელობის მიუხედავად, 2017 წელს – მონტენეგრო, ხოლო 2020 წელს ჩრდილოეთი  მაკედონია ნატო-ს წევრი სახელმწიფოები გახდნენ.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა