მედიცინის დოქტორი,

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტელემედიცინა - XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა

telemedicina (1)

თენგიზ ვერულავა – მედიცინის დოქტორი,

პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნიკა ნაროზაშვილი – მაგისტრანტი,

მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

 

ტელემედიცინა, რომელიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდებოდა, პანდემიის დროს ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრი სამედიცინო დაწესებულება დაიხურა და მოსახლეობის უმეტესობა სახლში დარჩა, სამედიცინო პერსონალის დისტანციური მუშაობა, ციფრული კლინიკა სამედიცინო კონსულტაციის ყველაზე  მოსახერხებელ ფორმად იქცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ტელემედიცინა არის სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფა, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით და რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების, სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისათვის.

დღეს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის, ექიმთა გადატვირთული გრაფიკის, მომლოდინეთა გრძელი სიებისა და სხვა შემაფერხებელი მიზეზების გამო, ექიმთან ვიზიტი ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ, ტელემედიცინა ექიმთან მარტივად დაკავშირებისა და ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, კლინიკაში პაციენტების ვიზიტის 30%-ის მიზეზი ჯანმრთელობის ზოგადი, მსუბუქი ხასიათის პრობლემებია. შესაბამისად, ასეთი ჩივილები არ საჭიროებს ფიზიკურ გასინჯვას და მათი ჩანაცვლება დისტანციური,  ონლაინკონსულტაციითაა შესაძლებელი.

ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების პასუხების გასაცნობად, ხშირად პაციენტს  განმეორებითი ვიზიტისთვის უწევს ექიმთან მიმართვა,  თუმცა ამის განხორციელება ონლაინკონსულტაციითაც არის შესაძლებელი. შედეგად, ხდება დროისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა, რაც ზრდის როგორც ფინანსურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაა. დისტანციური კონსულტაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომელნიც ექიმებს რეგულარულად მიმართავენ. ბევრ შემთხვევაში, ასეთი ვიზიტების დროს ხდება წამლის დოზის კორექცია ან მედიკამენტის შეცვლა, რისი განხორციელება ონლაინკონსულტაციითაც არის შესაძლებელი. ტელემედიცინა დროისა და ფინანსების დაზოგვის გარდა, ზრდის ექიმთა სამუშაო შესაძლებლობებს, რაც  ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაში გამოიხატება.

საქართველოსთვის ტელემედიცინის განვითარება პანდემიამდეც მნიშვნელოვანი იყო შემდეგი ფაქტორების გამო:

  • სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური პერსონალის უთანაბრო განაწილება, რის გამოც, დაშორებულ, მცირედ დასახლებულ და მთიან რეგიონებში ხშირად დგას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების პრობლემა;
  • მაღალმთიან რაიონებში, უხვთოვლიანი ზამთრის პერიოდში, პაციენტის სასწრაფოდ ტელეკონსულტირების საჭიროება;
  • პირველადი ჯანდაცვის რგოლებსა და მესამე დონის ჰოსპიტლებს შორის რეფერალური სამსახურის გაუმჯობესება ინტეგრირებული ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად;
  • უწყვეტი პროფესიული განათლების საჭიროებებისთვის ინტერნეტის დახმარებით საგანმანათლებლო ქსელის ეფექტიანი უზრუნველყოფა;
  • პერსონალური ჯანმრთელობის მონაცემებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა;
  • ასაკოვანი ქრონიკული პაციენტების დისტანციური დიაგნოსტიკა და გართულებების ტელემონიტორინგი;
  • მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ჯანმრთელობის საკითხებში განათლების, ცხოვრების ჯანსაღის წესის და დაავადებათა პრევენციის სანდო და განახლებად მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობა.

McKinsey-ის ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო მომხმარებელთა მიერ ტელემედიცინის გამოყენება 11%-დან 76%-მდე გაიზარდა, ხოლო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ ტელემედიცინის სხვადასხვა სერვისის მიწოდება – 75-150-ჯერ. აშშ-ის ადმინისტრაციამ ტელემედიცინის დასაფინანსებლად 200 მილიონი დოლარი გამოყო და ტელემედიცინის გამოყენების მარეგულირებელი მოთხოვნები შეარბილა, რასაც შედეგად მოჰყვა სამედიცინო სერვისების გაიაფება, ხელმისაწვდომობისა და პაციენტთა კმაყოფილების ზრდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტელემედიცინის სერვისების გაფართოება მოხუცებულთათვის, მათი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი მოწყვლადობის გამო. ამასთან გამოვლინდა ინტერნეტზე, ხარისხიან სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე ტექნოლოგიური და ფინანსური ხელმისაწვდომობის, სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის დეფიციტისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემები.

კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო მსოფლიოში ტელემედიცინის მრავალი კომპანიის შექმნას. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ტელემედიცინის 10 საუკეთესო კომპანიას.

  1. TELADOC-ი ერთ-ერთი პირველი ტელემედიცინის პროვაიდერია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 2002 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალში. 2018 წლის მონაცემებით, ჩატარდა 2.6 მილიონი სამედიცინო ტელევიზიტი. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 180 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც პანდემიის პერიოდში მიმართვიანობის ზრდით იყო გამოწვეული.

Teladoc-ი გამოიყენება სამედიცინო სერვისების ფართო სპექტრის უზრუნველსაყოფად. მათ შორისაა:

  • პედიატრიული სერვისები;
  • გეგმური სამედიცინო სერვისები;
  • დერმატოლოგიური კონსულტაციები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაციები;
  • სექსუალური ჯანმრთელობის კონსულტაციები.

TELADOC-ის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ მედიკამენტებზე რეცეპტების გამოწერა და ლაბორატორიული კვლევების ანალიზის ჩატარება. თუ პაციენტს დაზღვევა არა აქვს, ფასები მერყეობს $49-იდან $75-მდე, ფასი დამოკიდებულია სერვისის ტიპზე, ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულება  დერმატოლოგიაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სპეციალისტთან კონსულტაცია $90 ღირს.

  1. MEMD-ი (არიზონა, აშშ ) დაარსდა 2010 წელს. MEMD-ზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, რის შემდეგაც პაციენტს შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩაიტაროს კონსულტაცია ექიმთან ან მორიგე ექთანთან ვიდეოკამერის მეშვეობით. საუბარი შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მოიცავდეს, ხოლო დამატებითი კითხვებისთვის გადასახადი არ იზრდება.

MeMD-ი არ ახორციელებს ლაბორატორიულ სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს, თუმცა  ჯანდაცვის მუშაკებს უკვე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების გამოყენება შეუძლიათ. კონსულტაციების ღირებულება $67-ია, ხოლო დისტანციური მკურნალობის – $85. ფსიქიატრთან თავდაპირველი 45-წუთიანი ვიზიტი 229 დოლარი ღირს, მკურნალობის შედეგების შესაფასებლად შემდგომი ვიზიტების ღირებულება კი 99 დოლარია. 2018 წელს კომპანიამ შექმნა Telebehavioral Healthcare-სერვისი, რომელიც ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა მომსახურებისთვისაა განკუთვნილი.

  1. ICLINIC-ი (ინდოეთი) დაარსდა 2010 წელს. ვებგვერდი iCliniq-ი პაციენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს სატელეფონო ან ონლაინ ვიდეოკონსულტაციების მეშვეობით. ვებგვერდზე განთავსებულ შეკითხვას 80 სხვადასხვა სპეციალობის, 3000-ზე მეტი ექიმი ნახულობს, რომელთაც შეუძლიათ, პაციენტებს უპასუხონ. ექიმები არიან ინდოეთიდან, გერმანიიდან, სინგაპურიდან, აშშ-დან. მომხმარებლებს ასევე აქვთ წვდომა დაარქივებულ კითხვებსა და პასუხებზე. კომპანიამ ასევე შეიმუშავა „ვირტუალური საავადმყოფოს” კონცეფცია, რომლის მეშვეობით ტარდება დისტანციური ტელეკონსულტაციები სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე.

მომხმარებლის პირველი წერილობითი კითხვა iCliniq–ზე უფასოა. ექიმის პასუხის შემდეგ მომხმარებელი იღებს შეტყობინებას ელ. ფოსტით ან მოკლე ტექსტურ  შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე. ამის შემდეგ ჩატში გატარებული 50 საათი არის $30 ღირს, ხოლო 100 საათი – $50.

  1. AMWELL-ი (ბოსტონი, აშშ) 2006 წელს ორმა ექიმმა ძმამ დააარსა. თავდაპირველად კომპანიას AMERICAN WELL ეწოდებოდა, ხოლო 2019 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად AMWELL-ი დაერქვა. 2020 წლის მაისში კომპანიამ 194 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ურთიერთობები ისეთ ცნობილ კომპანიებთან დაამყარა, როგორიცაა, Takeda და Allianz X-ი. ამ დამატებით ხარჯებს კომპანია ტელემედიცინის განვითარებისთვის და ტექნოლოგიების დასახვეწად იყენებს. გარდა ვებგვერდისა, Amwell–ის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ექიმთან დაკავშირებაა შესაძლებელი, iPhone–სა და Android–შია ხელმისაწვდომი.   სერვისის მისაღებად მომხმარებელი უკავშირდება მისსავე შტატში მყოფ ექიმს. ღირებულება შეადგენს $69-ს დაზღვევის გარეშე. ზოგადი სამედიცინო კონსულტაციების გარდა, ხელმისაწვდომია ასევე დიეტოლოგის კონსულტაციებიც, რის გამოც AMWELL-ი ამერიკაში პოპულარობით სარგებლობს.
  2. MDLIVE-ი (ფლორიდა, აშშ) დაარსდა 2009 წელს. მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაცია ჩაიტაროს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. კონსულტაციის ფასი $82-ია დაზღვევის გარეშე. დერმატოლოგის კონსულტაცია – $75 ჯდება, ფსიქიატრთან თავდაპირველი ვიზიტი $284 ღირს, , ყოველი შემდეგი კი – $108. 2020 წელს პაციენტთა მიმართვიანობა ფსიქიატრიულ სერვისებზე 72%-ით გაიზარდა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული.
  3. Doctor on Demand-ი, კონკურენტებისგან განსხვავებით, საშუალებას აძლევს ინდივიდებს, დაამატონ ექიმი თავიანთ “რჩეულებში”. პირველი კონსულტაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია იმავე ექიმთან ჩაეწეროს. ახალბედა დედებს აქვთ საშუალება, უწყვეტი კონსულტაციები გაიარონ პროფესიონალებთან. ექიმთან 15 წუთით დაკავშირება $75 ღირს. ფსიქიატრიული კონსულტაციის საწყისი ფასი კი $229-დან იწყება და 45-წუთიან ვიზიტს მოიცავს.
  4. LiveHealth Online-ი – კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვითონ აირჩიოს სასურველი ექიმი საკუთარ შტატში და მასთან ჩაიტაროს კონსულტაცია. პაციენტი შერჩეულ ექიმს რამდენიმე წუთში უკავშირდება. ექიმი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში მთელი კვირის მანძილზე. კონსულტაციის ფასი $59-ია, დაზღვევის გარეშე.
  5. VIRTUWELL-ი – კომპანია ახორციელებს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციებს ვირტუალურ რეჟიმში. მომსახურება დაზღვევის გარეშე $49 ღირს, უკმაყოფილების შემთხვევაში თანხა პაციენტს უბრუნდება.
  6. PlushCare-ი – კომპანია ახორციელებს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციებს და მედიკამენტებზე რეცეპტებს გასცემს. მომხმარებელი იხდის ყოველთვიური მომსახურების $15-ს. პირველი კონსულტაციის ფასი $99-ია, დაზღვევის გარეშე.
  7. HealthTap-ი – კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 90.000 ამერიკელ ექიმთან. მათ შეუძლიათ დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციების ჩატარება და მედიკამენტებზე რეცეპტების გაცემა. მომხმარებელი ყოველთვიურად $15-ს იხდის.

არსებობს უფასო სერვისებიც, რომელთა მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, ანონიმურად დასვან კითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები.
საქართველოში ტელემედიცინის განვითარების შემდეგ გამოწვევებს გამოყოფენ:

ა) მაღალი სიჩქარის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხარვეზები საქართველოს მთიანი რაიონებისა და სოფლების დიდ ნაწილში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობა თითქმის არ არეგულირებს ტელემედიცინის სერვისებს და ძირითადად განიხილავს ტელემედიცინას როგორც ტელეკონსულტაციას ორ სამედიცინო პირს შორის. პანდემიის პერიოდში მკვეთრად გახშირდა ექიმსა და უშუალოდ პაციენტს შორის ტელესამედიცინო დახმარების მიწოდება და საჭირო გახდა რიგ შემთხვევებში გარკვეული რეგულირების შერბილება.

გ) მნიშვნელოვანია ტელემედიცინის სერვისების (მაგ. პაციენტის გასინჯვის მინიმალური სტანდარტის) გაიდლაინების შექმნა, ხარისხის მართვის ინდიკატორების შემუშავება და მათი შესაბამისი ასახვა ჯანდაცვით პროგრამებში.

დ) გადასაწყვეტია ტელემედიცინის რიგი სერვისების, მათ შორის – პრევენციული და ბინაზე ტელემონიტორინგის უცხოეთში ადაპტირებული ხარჯთეფექტიანი სერვისებისა და პროდუქტების იმპლემენტაცია სადაზღვევო პაკეტებში ინტეგრირების კუთხით;

ე) აუცილებელია ციფრული ნაპრალის პრობლემის გათვალისწინება – იმ პირთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომელთა მოცვა ტელემედიცინის სერვისებით ამ ეტაპზე შეუძლებელია ინფრასტრუქტურული ან ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო;

ვ) ელექტრონული ისტორიებისა და ელექტრონული დაზღვევის გაფართოების ფონზე მილიონობით პერსონალური მონაცემი – გამოკვლევების შედეგები, ანალიზები, კონსულტაციები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე და სხვადასხვა პროვაიდერის სერვერებზე – ვირტუალურ სივრცეში, რომელიც პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს ფინანსური, რეპუტაციული თუ პოლიტიკური ზიანის მიყენების მიზნით ჰაკერული და კიბერშეტევებისათვის.

REDMED-ი საქართველოში ტელემედიცინის პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმაა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ექიმის შერჩევა მისი რეიტინგისა და სხვა პაციენტების შეფასებების მიხედვით. კომპანია აერთიანებს 300 ექიმს და 20 სამედიცინო მიმართულებას. იგი უზრუნველყოფს ექიმთან სატელეფონო და ვიდეოკონსულტაციას ან ბინაზე ვიზიტს, ასევე საჭირო სააფთიაქო პროდუქტების შეძენას PSP-ის აფთიაქში საკურიერო მიწოდების მეშვეობით.

ექიმის მიერ პაციენტთან სახლში ვიზიტის დროს, დანიშნულების გაცემის შემდეგ გაიცემა ბარათი. ვიზიტიდან 24 საათის განმავლობაში, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით პაციენტს შეუძლია, ექიმს კითხვები აპლიკაციის დახმარებით დაუსვას და დროული უკუკავშირი მიიღოს.

ამგვარად, ტელემედიცინა XXI-ე საუკუნის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინოვაციური ფორმაა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ჯანდაცვის სერვისების ოპტიმიზაცია და რეგიონებში ბალანსირებული მიწოდება, მედიკოსთა უწყვეტი პროფესიული განათლებისა და ხარისხის თანამედროვე მართვის სფეროში არსებული გამოწვევების სწრაფი დაძლევის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტელემედიცინისათვის საჭირო მაკროინფრასტრუქტურის განვითარებას, მონაცემთა ბაზებისა და პლატფორმების უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სერვისების განვითარებისთვის საჭირო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას. ექსპერტთა ვარაუდით, ტელემედიცინა და ონლაინკონსულტაციები დროთა განმავლობაში დაავადებათა მართვის და პრევენციის სტანდარტად იქცევა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა