ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

სალაღობო

Untitled-2

ეძღვნება რუსეთის მიერ 1801 წლიდან დღემდე დახოცილ ყველა ქართველს

ამბობენ, კაცი ვიზუალური არსებააო. მაგრამ 1989 წლის 9 აპრილი უფრო ხმით აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, ვიდრე იმიჯებით. პირველ ყოვლისა, ეს ხმა უსინათლოთა ანსამბლის მიერ ნამღერი ლადო ასათიანის გამყინავი სტროფების ხმაა ხალხისკენ მოძრავი სატანკო კოლონების ნელი გრუხუნის ფონზე:

„დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“

დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მიკროფონთან მისული კათოლიკოს-პატრიარქის ხმაც ცოცხლად ჩაესმის ყურს: „მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია, შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი“.

ნეტავ, ვინ აცნობა? ან რა მიზნით?

მაშინ ილია მეორე ჯერ ლეგენდა არ იყო. უფრო ხშირად, „ბატონო ილიათი“ მიმართავდნენ და ეს არავის ეხამუშებოდა. ერთი პირადი მცველი ჰყავდა, რომელიც, იმავდროულად, მისი მძღოლიც იყო და თეკლეს ქარვასლის თაღებქვეშ შეყენებულ „ჩაიკას“ მართავდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობისთვის. შესაბამისად, როდესაც პატრიარქმა ხალხს მიტინგის დაშლა და ქაშვეთში სალოცავად გადანაცვლება შესთავაზა, მოედანზე შეკრებილებს ზვიად გამსახურდიას ნიშანი არ დასჭირვებიათ, რომ „უსპეტაკესი“ (როგორც მას მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძე უწოდებს) უარით გაესტუმრებინათ.

„არა! არ დავიშლებით!“ – ისმოდა შეძახილები. ბოლო შემთხვევა იყო ილია მეორის ნახევარსაუკუნოვან კარიერაში, როცა მის მოწოდებას ყური არ ათხოვეს. არ დაუჯერეს, თუმცა, მისი იმედი მაინც ჰქონდათ:

„მამაო, დარჩებით ჩვენთან?“ – რიდით მიმართავს იქვე მდგომი მომიტინგე. პატრიარქმა კითხვა არ შეიმჩნია და, ცხადია, არც დარჩენილა. არც რუსულ ტანკებს გადაეფარა წინ. იდგა და მდუმარედ გაჰყურებდა სანთლების შუქზე მოლივლივე მხატვრის სახლს – ყოფილ სასტუმრო „ორიენტს“ – სადაც იმ წლებში ხელოვნების ისტორიაზე დავდიოდი და რომლის ბოლო სართულზე პირველად ვნახე ფელინის უკვდავი „ამარკორდი“. ამ ადგილას დღეს ნეო-თურქმენული სტილის გროტესკი წამოჭიმულა, რომელშიც, ბედის ირონიით, ედუარდ შევარდნაძის მუზეუმია განთავსებული.

კიდევ ერთი ხმა, რომელიც ლაიტმოტივად გაჰყვება 9 აპრილის ღამეს, სიჩუმეა. ნაღდი, ამაღლებული, ერთი იდეით ატანილი სიჩუმე. შემზარავი, ხალხმრავალი, უკეთურების ხორციელი მოლოდინით გაჟღენთილი სიჩუმე. სიჩუმე, როგორც ექსპრესიული პაუზა ჰარმონიული გადაწყვეტის მთხოვნელ, დისონანსებით გაფატრულ აკორდებს შორის. სიჩუმე, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის გარინდება უძირო და უსამშობლოო დამპყრობლის წინაშე.

როგორც ეროვნული მოძრაობის სინდისმა, მერაბ კოსტავამ, ამოთქვა იმ საზარელი სიჩუმის მერე: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვარამში, ამ სისხლისღვრაში პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.“

მართლაც ბედნიერი ხანა ედგა საქართველოს – ერი ჯერ არ გახლეჩილიყო ორ ბანაკად. კაგებეს მსახურნი უხვად და ორგანულად შეზრდილიყვნენ ეროვნულ მოძრაობას. ეროვნული კონგრესის „არჩევნები“ ჯერ არ გამართულიყო. ნომენკლატურა და წითელი ინტელიგენცია ჯერ მხოლოდ საკუთარ სამზარეულოებში ფუთფუთებდა – რა უნდათ ამ „არაფორმალებს“ (ასე უწოდებდნენ საბჭოთა ხელისუფლების მომხრეები თავისუფლებისთვის მებრძოლებს), რა დამოუკიდებლობა აუტყდათო.

…მაშინ 14 წლისა ვიყავი და მოვლენათა ეპიცენტრიდან 8 აპრილის საღამოს, დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე წამოვედი, როცა გარემოებანი კვანძის გახსნას არ მოასწავებდა. შესაბამისად, არაფერი, რაც ზემოთ მოვყევი, ჩემი თვალით არ მინახავს და იმ ღამეს ჩემი ყურით არ მომისმენია. ეს ჩემი სამოქალაქო, ისტორიული მეხსიერებაა – გნებავთ, ჩემი მაღალი, მოქალაქეობრივი „მე“-ს იდენტობის ნაწილი.

იმ ეიფორიულ ეპოქაში ბევრს სწამდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა პრობლემის ავტომატურ გადაჭრას ნიშნავდა. ამიტომ დიდად არასდროს დავფიქრებულვართ, რა გზით გვევლო ჩვენი მიზნისკენ და როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდოდა: მონარქიის, თეოკრატიის თუ ლიბერალური დემოკრატიის? ან როგორ ეკონომიკურ მოდელს ვაშენებდით – თავისუფალს, სოციალისტურს თუ „კონვერგენციულს“?

ბევრს  გულწრფელად სჯეროდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს „მარტო ჩაი და ბორჯომი“ აცხოვრებდა. რა გასაკვირია, რომ ამ ინფანტილურ ტალღაზე მტრის მიერ დაგებულ ყველა ხაფანგში გავებით. მტრისა, რომელსაც 200 წლის განმავლობაში იდეალურად შეესწავლა ჩვენი ფსიქოტიპი და სისუსტეები (მარტო საბჭოთა კავშირისთვის სამტრედიაში გამოცხადებული სარკინიგზო ბლოკადა რად ღირს?!).

პატრიოტული ეიფორიით გულანთებულს, მეც მჯეროდა, რომ თავისუფლების მოპოვების შემდეგ პირველ საქმედ დაკარგული ტერიტორიები, ანუ ტაო-კლარჯეთი, ლორე, საინგილო და  დვალეთი, უნდა დაგვებრუნებინა. სწორედ ეს ვუთხარი გაკვირვებულ რიჩარდ პაიპსს ორიოდ წელიწადში, თსუ-ში ჩატარებული საჯარო ლექციის დროს.

ასეა თუ ისე, 1989 წელს საქართველო ისტორიის ავანგარდში იდგა: ბაქოს სისხლიანი დარბევა რუსებმა მხოლოდ მომდევნო წელს, ვილნიუსისა კი – თითქმის ორი წლის შემდეგ მოაწყეს.

მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა პირველები აღარ ვართ: არც თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არც რეფორმებსა თუ ინოვაციებში. პრინციპში, არც არაფერში. არც ერთ სფეროსა და კონტექსტში. იდეაც აღარ გაგვაჩნია – „მესსიანისტური“ კი არა (როგორც ადრე), საყოფაცხოვრებოც კი.

გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ „ბორჯომი“ ერთ საშუალოზე ოდნავ დიდ კომპანიას „ყოფნის“, „სასიამოვნო და საამო“ დასალევი ქართული ჩაი კი ამდენზეც ვერ ქაჩავს.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და 2019 წლის 20 ივნისს, სამი ათწლეულის მერე პირველად, რუსთაველზე ისევ რუსებმა დაარბიეს ქართველები. ჩვენ კი, მაშინდელივით, არც ახლა ვიცით, რა გვინდა რუსული მმართველობისგან თავის დაღწევის შემდეგ. ახლაც ბავშვურად გვიხარია, როცა გვაქებენ – თუნდაც მორიგ ჯერზე „ღირსეულად დამარცხებულებს“. როცა ცხრა ლახვარს ცხრაჯერ გვირტყამენ გულში, „მტრის ჯინაზე“ ცხრაჯერ მწარედ გვეცინება და გვგონია, რომ მარადიული მარცხის რეცეპტად ქცეული ასეთი ქცევით ან მტერს ვაკლებთ რამეს, ან ისტორიას ვაინტერესებთ.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ… აღარ დაუკრათ! აღარ გვინდა „შადიანი“, „ლოთიანი“, „ძველი ხანჯალი“ და მტრის ჯინაზე სიცილი!  ცოდნა გვინდა. გონიერება. საღი აზრი და, ზოგადად, აზროვნება. დაფიქრება. წინ გახედვა. ოდნავი ნამუსი. ცოტაც – მოქალაქეობრივი თავმოყვარეობა. და ყველაზე მეტად – ისტორიული მეხსიერება, რომელიც ერთსა და იმავე ხაფანგში მეასედ გაბმის საშუალებას არ მოგვცემს!

ვთქვი და გავიმეორებ – 1989 წლის 9 აპრილი უფრო ხმებით ჩარჩა ჩემს მეხსიერებას, ვიდრე ხატებით. ეს ხმა ერთიანი და გამარჯვებული საქართველოს ხმაა. დაე, ახლა მაინც, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წლის თავზე, ისე მოგვეწყოს ჩვენი ქვეყანა, რომ მტერი ცხოვრობდეს ჩვენს ჯინაზე თუნდ იცინოდეს!  – და არა პირიქით.

გააზიარე