BP 2021 წლისთვის ნავთობის რენტაბელურ ფასს $35-მდე შეამცირებს

BP 2021 წლისთვის ნავთობის რენტაბელურ ფასს $35-მდე შეამცირებს

BP შეამცირებს რენტაბელური ნავთობის ფასს 2021 წლისთვის ბარელზე $35–მდე, მაშინ როდესაც 2019 წელს $56 იყო. ამის შესახებ „როიტერსს“ ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბერნარ ლუნიმ განუცხადა.

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ 2020 წლისთვის ხარჯების 25 პროცენტით შემცირების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ BP-ის შემოსავალი პირველ კვარტალში $2,4 მილიარდიდან $800 მილიონამდე შემცირდა. წმინდა მოგება კი ნეგატიური დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2019 წლის პირველ კვარტალში $2,1 მილიარდი იყო. გარდა ამისა, კომპანიის წმინდა ვალი მკვეთრად – $6 მილიარდით გაიზარდა და $51,4 მილიარდი შეადგინა.

ეს ციფრები არ იყო სიურპრიზი კომპანიისთვის. ფაქტია, რომ მთლიანად ნავთობინდუსტრია კრიზისშია. ნავთობზე მოთხოვნის შემცირებისა და გადაჭარბებული წარმოების გამო, ფასები შავ ოქროზე მკვეთრად დაეცა.

BP-ის მენეჯმენტში იციან, რომ ეს კრიზისი არ არის მოკლევადიანი. კომპანია მიმდინარე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნის დღეში 15 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდა.