ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი - ჩინეთი კოვიდ-ვაქცინის შექმნის პროცესში არ არის გამჭვირვალე

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი - ჩინეთი კოვიდ-ვაქცინის შექმნის პროცესში არ არის გამჭვირვალე

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სამსახური Anvisa აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესში არ არის გამჭვირვალე. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

ცნობისთვის, Anvisa ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინას – CoronaVac-ს სწავლობს. აღნიშნული უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობამ აღნიშნულ ვაქცინას ავტორიზაცია ჯერ კიდევ ივნისში მისცა, ქვეყნის მთავრობა არ იყო საკმარისად გამჭვირვალე იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც, ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.

სან პაულუს შტატის მმართველის ჟოაო დორია აცხადებს, რომ CoronaVac-ის შემოწმების შედეგების შესახებ 23 დეკემბერს გახდება ცნობილი, შემდეგ კი დაიწყება მისი გამოყენება. ამის საპირისპიროდ, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც ჩინეთს მუდმივად აკრიტიკებს, არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვები ჩინური ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, სწორედ სან პაულუს შტატში ჩატარდა სატესტო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ვირუსს დაახლოებით 182 000 ადამიანი ემსხვერპლა.

საინტერესოა ისიც, რომ მაშინ როდესაც ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს მსოფლიოს წამყვანი კორონავირუსის ვაქცინების შეძენას, ჩინეთი თავად ავითარებს ვაქცინას, რომელსაც აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის რეგიონების ქვეყნებსაც სთავაზობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა კიდევ ერთი ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინას მისცა ავტორიზაცია.

“ეჭვი არ არის რომ ჩინეთი ვაქცინის დიპლომატიას ცდილობს, რათა დაზიანებული იმიჯი აღიდგინოს. ეს ასევე გახდა ერთგვარი საშუალება იმისა, რომ გაიზარდოს ჩინეთის გლობალური გავლენები“, – განაცხადა გლობალური ჯანდაცვის მკვლევარმა ჰუან იაჟონმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანია Sinovac-მა განაცხადა, რომ ინვესტორებისგან მიიღო ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსები, რათა წარმოება გაზარდონ და კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუცია გააფართოვონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *