ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია Bristol Myers Squibb-ი კიბოს წამლების ბიზნესის გასაძლიერებლად RayzeBio-ს შეიძენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარიგების ღირებულება 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.
აღნიშნული შეთანხმებით, Bristol Myers-ი მიიღებს წვდომას RayzeBio-ს ბოლო სტადიის კიბოს მიზნობრივ თერაპიაზე, RYZ101-ზე. ეს უკანასკნელი რადიოაქტიურ ნაწილაკებს კიბოს უჯრედებისკენ მიმართავს და მათ განადგურებას ცდილობს.
როგორც ირკვევა, Bristol Myers-ი RayzeBio-ს თითოეულ აქციაში 62.50 აშშ დოლარს გადაიხდის ნაღდი ფულით. RayzeBio-ს აქციების ფასი, სექტემბერში ბაზარზე დებიუტიდან, 27%-ით გაიზარდა და გუშინ $61.40-ს მიაღწია. Bristol Myers-ის აქციების ფასი კი სიახლის გავრცელების შემდეგ 1.5%-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ Bristol Myers-მა ცოტა ხნის წინ შიზოფრენიის წამლების შემქმნელი Karuna Therapeutics-ის შესყიდვასთან დაკავშირებითაც გაავრცელა ინფორმაცია. ამ გარიგების ღირებულება 14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ოქტომბერში Bristol Myers-მა კიბოს წამლების მწარმოებელ Mirati Therapeutics-სთან $5.8-მილიარდიანი გარიგების შესახებაც განაცხადა.