ბრიტანულ ეკონომიკაზე ბრექსიტის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიისა

ბრიტანულ ეკონომიკაზე ბრექსიტის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიისა

დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ოფისის თავმჯდომარის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე ბრექსიტს უფრო დიდი უარყოფითი გავლენა ექნება, ვიდრე კოვიდპანდემიასა  და მისგან გამოწვეულ შეზღუდვებს.

რიჩარდ ჰიუს თანახმად, ევროკავშირის დატოვება დიდი ბრიტანეთის მთლიან შიდა პროდუქტს გრძელვადიან პერიოდში საშუალოდ 4%-ით შეამცირებს. სხვა პროგნოზებით კი პანდემიას იმავე მაჩვენებელზე მხოლოდ 2%-იანი ეფექტი ექნება.

საინტერესოა, რომ ჰიუს განცხადება თან სდევს საუბრებს, რომ დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი ხარჯები გაიზრდება ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებლის ფონზე. შეგახსენებთ, რომ მშპ ეკონომიკური სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორია. შესაბამისად, მისი გაზრდა ან კლება ყველაზე უკეთ გადმოსცემს სახელმწიფოს ეკონომიკურ ტენდენციებს.

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში ხმა 2016 წელს მისცა, ხოლო სავაჭრო ბლოკი ოფიციალურად მხოლოდ 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. თუმცა, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური საკითხების უმეტესობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უცვლელი რჩებოდა,  ვიდრე მიმდინარე წლის პირველ იანვარს ახალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია  მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისა და ბრექსიტის ეფექტების კომბინაციამ გაერთიანებული სამეფო მიწოდების ჯაჭვის მძიმე პრობლემის წინაშე დააყენა. სატვირთოს მძღოლთა დეფიციტმა მრავალი ბიზნესის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეაფერხა და სავაჭრო ცენტრების თაროები მომხმარებლებისათვის ცარიელი დატოვა. ამან კი დიდი ბრიტანეთის მთავრობა აიძულა, ევროკავშირის სამუშაო ძალისათვის მოკლევადიანი სამუშაო ვიზები გაეცა, რათა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები დროულად აღმოეფხვრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *