ByteDance-მა ჩინეთის საავადმყოფოების უდიდესი ქსელი $1.5 მილიარდად შეიძინა

ByteDance-მა ჩინეთის საავადმყოფოების უდიდესი ქსელი $1.5 მილიარდად შეიძინა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ByteDance-მა ჩინეთის საავადმყოფოების უდიდესი ქსელი, Amcare Healthcare-ი $1.5 მილიარდად შეიძინა.  აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა, რომელიც ჩინეთის შიგნით მას მერე შედგა, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ  ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებული კანონმდებლობა საგრძნობლად გაამკაცრა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2006 წელს დაფუძნებული Amcare Healthcare-ი, რომლის 100%-იან წილს ByteDance-ის ორი შვილობილი კომპანია ფლობს, დედისა და ბავშვის ტიპის შვიდ საავადმყოფოს, რამდენიმე მრავალპროფილურ კლინიკასა და ხუთ პოსტნატალურ ცენტრს ფლობს, პეკინიდან შენჭენამდე. ამასთანავე, 2020 წელს, Amcare Healthcare-მა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურების ჩასატარებლად საჭირო ლიცენზიაც მოიპოვა.

ისე კი, ByteDance-ის მიერ ამგვარ გარიგებაში შესვლა უცნაური სულაც არ არის, რადგან ის ჯანმრთელობის აპლიკაციას, Xiaohe-ს ფლობს, რომლის მთავარი კონკურენტი Alibaba-ს და Ping An Healthcare and Technology-ის საკუთრებაში არსებული სერვისებია, რომლებიც მომხმარებლებს ტელემედიცინის, ვიზიტების დაჯავშნისა და ველნესის სერვისებს სთავაზობენ. საინტერესოა, რომ ეს ინდუსტრია, ჩინეთში $89 მილიარდადაა შეფასებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ByteDance-ი ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი არ არის, რომელმაც ბოლო დროს ჯანდაცვის ინდუსტრიის კომპანია შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში, ამერიკულმა Amazon-მა პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი $3.9 მილიარდად შეიძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *