ჩინური და ამერიკული ფინანსური კომპანიების გლობალური დომინაციის ფონზე, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს შორის საუკეთესო კვლავაც ევროპის ფინანსური ცენტრი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ლონდონია, – ამგვარ დასკვნამდე მივიდა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა CEOWORLD-ი, რომელმაც მსოფლიოს ფინანსური ცენტრების 2022 წლის რეიტინგი შეადგინა.
მსოფლიოს ფინანსური ცენტრების რეიტინგში რიგით მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მშვენებას, ნიუ-იორკს ერგო, რომელმაც 957 ქულა მოაგროვა – სამით ნაკლები, ვიდრე ლონდონმა. რეიტინგის მესამე ადგილი სინგაპურმა დაიკავა, მეოთხე – ჰონგ-კონგმა, მეხუთე კი – ამსტერდამმა.
საინტერესოა, რომ საუკეთესო ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ათეულში ექვსი ევროპული და სამი აზიური ქალაქი მოხვდა და მხოლოდ ერთი – ამერიკული. ამერიკის შეერთებული შტატები ვერც 115 ქალაქისგან შემდგარ რეიტინგში ლიდერობს – ის მხოლოდ ცხრა ქალაქითაა წარმოდგენილი, მაშინ, როცა ჩინეთი – ათით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის წამყვანი ფინანსური ცენტრი – პეკინი, რეიტინგში მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჩვენი რეგიონის ფინანსურად განვითარებული რამდენიმე ქვეყნის ქალაქიც მოხვდა, მათ შორის მოსკოვი (41-ე ადგილი), ნურ-სულთანი (64-ე ადგილი), სტამბოლი (67-ე ადგილი), ალმათი (74-ე ადგილი), სანქტ-პეტერბურგი (97-ე ადგილი) და ბაქო (110-ე ადგილი). საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგში ორი ბალტიისპირული ქვეყნის დედაქალაქი – ტალინი (90-ე ადგილი) და ვილნიუსიც (107-ე) მოხვდნენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამგვარ რეიტინგს ამერიკული გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს. წლევანდელი რეიტინგისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, ონლაინგამოკითხვის შედეგად ფინანსების 228 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოიკითხა, რომელთაც 250 ქალაქი ასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით დაალაგეს. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა კონკურენტუნარიანობა, ბიზნესგარემო, ფინანსური აქტივობების მოცულობა და არეალი, კაპიტალის ბაზრის წილი, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საფუძველი, რეპუტაცია და დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტის მიმართულება.
მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ოცეულს, რომელზეც ამერიკულმა გამოცემამ, CEOWORLD-მა იმუშავა Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.
- ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (960 ქულა)
- ნიუ-იორკი, აშშ (957 ქულა)
- სინგაპური, სინგაპური (956 ქულა)
- ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი (948 ქულა)
- ამსტერდამი, ნიდერლანდები (947 ქულა)
- ციურიხი, შვეიცარია (944 ქულა)
- ტოკიო, იაპონია (941 ქულა)
- პარიზი, საფრანგეთი (935 ქულა)
- ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი (932 ქულა)
- მიუნხენი, გერმანია (929 ქულა)
- ლოს-ანჯელესი, აშშ (923 ქულა)
- დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (922 ქულა)
- სან-ფრანცისკო, აშშ (920 ქულა)
- ფრანკფურტი, გერმანია (918 ქულა)
- პეკინი, ჩინეთი (915 ქულა)
- სტოკჰოლმი, შვედეთი (914 ქულა)
- ჟენევა, შვეიცარია (911 ქულა)
- ბრიუსელი, ბელგია (910 ქულა)
- ბოსტონი, აშშ (908 ქულა)
- აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (905 ქულა)