მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჟაო ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციებზე გვერდის ავლაში საკუთარ ბრალეულობას აღიარებს და კომპანიიდან მიდის.
„შეცდომა დავუშვი და ახლა პასუხისმგებლობაც უნდა ავიღო. ასეა უმჯობესი საზოგადოებისთვის, Binance-ისა და ჩემთვის“, – დაწერა ჟაომ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
აშშ-ს ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კრიპტობირჟა 4 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდას დათანხმდა ჯარიმის სახით.
რამდენიმეწლიანი გამოძიების შემდეგ Binance-ს ბრალად ედება პლატფორმაზე 100,000-მდე ტრანზაქციის დაშვებაში, რომელიც გამიზნული იყო არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის, „ჰამასის“ დასაფინანსებლად.
აღსანიშნავია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ კრიპტოვალუტებით ტერორიზმის დაფინანსების ზედამხედველობა გამკაცრდა და ისრაელმა Binance-ის 100-მდე ანგარიშიც გააუქმა.
ამასთან, ჩანპენ ჟაოს, რომლის ქონებაც, Forbes-ის თანახმად, 10.3 მილიარდ დოლარამდეა, შესაძლოა, 18 თვის ციხეში გატარებაც მოუწიოს. მის ადგილს კი რიჩარდ ტენგი, კრიპტობირჟის რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელი დაიკავებს.
5-წლიან პერიოდში Binance-ი სტარტაპიდან გიგანტად იქცა, შევიდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც და ერთი პერიოდი კრიპტოვალუტების ბაზრის ნახევარსაც კი აკონტროლებდა.
მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმატება ბევრი კითხვის ნიშნით იყო მოცული და წლების განმავლობაში, Binance-ი მრავალი რეგულატორის სამიზნე გახდა. ახლა კი კრიპტოსამყაროში ყველაზე გავლენიანი კაცი საკუთარ გვირგვინს კარგავს.
„Binance მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა, ნაწილობრივ, ჩადენილი დანაშაულების წყალობით გახდა, ახლა კი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს“, – თქვა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
შეერთებულ შტატებში იმედოვნებენ, რომ Binance-ისა და გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის შემთხვევები ნათელი გზავნილი იქნება კრიპტოინდუსტრიისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ციფრულ ვალუტებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ კრიპტოვალუტების ფასებზე ამ მოვლენას, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტო Bitcoin-ი ამჟამად 36,500 დოლარამდე ღირს.