სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა China National Nuclear Corp-მა (CNNC) არგენტინაში, $8-მილიარდიანი ღირებულების ატომური ელექტროსადგურის, Atucha III-ის აშენებასთან დაკავშირებით კონტრაქტს ხელი მოაწერა. CNNC-ის განცხადებით, საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო კონტრაქტი არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის ჩინეთში ვიზიტამდე გაფორმდა.
არგენტინის მთავრობის განცხადებით, პროექტი ინჟინერიის, მშენებლობის, შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, ასევე HPR-1000-ის ტიპის რეაქტორის მიწოდებისთვის, $8-მილიარდიან ინვესტირებას ითვალისწინებს. Atucha III-ის ელექტროსადგური ჩინეთის Hualong One-ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება, რაც წლების განმავლობაში შეჩერებულ გარიგებას აღადგენს. ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეთანხმების პროცესი არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდესის ადმინისტრაციის მიერ პირველი განხილვისას შეფერხდა.
Atucha III-ის ატომური ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 1,200 მეგავატი, საწყისი ექსპლუატაციის ვადა კი 60 წელი იქნება, რაც ეროვნული ბირთვული სიმძლავრეების გაფართოების საშუალებას იძლევა. არსებული გეგმით, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და რეაქტორი ბუენოს-აირესის პროვინციის ქალაქ ლიმაში დამონტაჟდება. დამატებითი დეტალები ელექტროსადგურის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ჩინეთმა Hualong One, წნევის ქვეშ მყოფი წყლის ატომური რეაქტორის ელექტროსადგურის მესამე თაობის ტექნოლოგია, Westinghouse-ის AP1000-თან და ევროპის Evolutionary Pressurised Reactor-ის ტექნოლოგიასთან კონკურენციისთვის შეიმუშავა. ჩინეთმა Hualong One-რეაქტორი ექსპლუატაციაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ფუჯიანში უკვე ჩაუშვა. არგენტინის პროექტი კი რიგით მეორე იქნება, პაკისტანის შემდგომ, რომელსაც ჩინეთი Hualong One-ტექნოლოგიის გამოყენებით საზღვრებს გარეთ განახორციელებს.