კორონავირუსის პანდემია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს იწვევს და გავლენას ახდენს ყველა სექტორზე. მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის ინდუსტრიაც. ენერგორესურსებზე გლობალურად ფასები შემცირებულია, ვინაიდან მათზე მოთხოვნაც შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ჩინეთი ნელ-ნელა მსოფლიოში თხევადი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ხდებოდა. შესაბამისად, რამდენიმე მსხვილმა მწარმოებელმა დაადგა თვალი ჩინეთის ბაზარს. მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ყატარი თხევადი ბენებრივი აირის მსხვილი მწარმოებელი იყო გლობალურად, ავსტრალიის გაზის სექტორმა არაბულ ქვეყანას აჯობა.
რუსეთის თხევადი აირის სტრატეგია ასევე ყველაზე დიდ აქცენტს აზიის ბაზარზე აკეთებს. მოსკოვს სურს 2024 წლისთვის მოცულობა წელიწადში 46–65 მეგატონამდე გაზარდოს, 2035 წლისთვის კი 70-82 მეგატონამდე.
მიუხედავად პანდემიისა, ჩინეთში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი წლის პირველ ორ თვეში მაინც იზრდებოდა. იმის გამო, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაკეტილი იყო კორონავირუსის გამო, ბუნებრივი აირის დიდმა ნაწილმა მარაგებში გადაინაცვლა. ასე მაგალითად, სახელმწიფოს კუთვნილი ჩინეთის ნავთობკორპორაციის მარაგები ძირითადად სავსეა.
კომპანია Kpler–ის ინფორმაციით, ჩინურმა კომპანიებმა 23 მარტის კვირაში დაახლოებით 1,26 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელეს, რაც 2019 წლის ყოველკვირეულ საშუალო მაჩვენებელს სცდება.
“მოთხოვნას ასევე ზრდის შედარებით მცირე მოთამაშეები რომელთაც მარაგები აქვთ და რომლებიც დაბალი ფასების უპირატესობით აპირებენ სარგებლობას“, – განაცხადა სინგაპურელმა ანალიტიკოსმა ენერგეტიკის საკითხებში ედმუნდ სიაუმ.
აღსანიშნავია, რომ თხევადი ბუნებრივი აირი (Liquified Natural Gas – LNG) წარმოადგენს ნატურალურ გაზს რომელიც გაცივებულია -162°C (-260F) გრადუსზე, რის შედეგადაც იგი აირის ფორმიდან თხევად ფორმაში გარდაიქმნება და მოცულობაში 600-ჯერ იკლებს რაც მის შენახვასა და ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.