ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა. ვირუსმა დამანგრეველი გავლენა იქონია ჩინეთზე, რის გამოც შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა პირველად 1970-იანი წლების შემდეგ შემცირდეს.
თებერვლის თვეში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად დაეცა, ვინაიდან კომპანიები შეფერხებით მუშაობდნენ, ბევრი ქარხანა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე კვირით დაიხურა.
ჩინურმა მედიაჯგუფმა Caixin-მა განაცხადა, რომ საქმიანი აქტივობის ინდექსი სექტორში 26.5-მდე შემცირდა თებერვალში, მაშინ როდესაც წინა თვეს 51.8 იყო. თებერვლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2005 წლის შემდეგ.
მძიმე თვე ჰქონდათ ჩინეთში მოქმედ ქარხნებსაც, რომელთა ნაწილსაც თებერვალში მოუწიათ დახურვის გახანგრძლივება ვირუსის გამო, ასევე მათზე უარყოფითად აისახა სამოგზაურო შეზღუდვებიც.
„ვირუსის ეპიდემიამ მთავრობა რთულ ვითარებაში ჩააგდო. ერთი მხრივ დახურვის პოლიტიკა ყველაზე ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მეორე მხრივ კი ჯანდაცვის ზომები ხელს უშლის ეკონომიკურ აქტივობას“, – განაცხადა ეკონომისტმა რეიმონდ იუნგმა.
მძიმე ეკონომიკური სურათის ნათელი მაგალითია დიდი კომპანიების ზარალიც. მსოფლიოში უდიდესმა ლუდის მწარმოებელმა ABInBev-მა განაცხადა, რომ გასულ თვეებში 285 მლნ დოლარი დაკარგა. iPhone-ის მწარმოებელმა Foxconn-მა კი განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე არ ელოდებიან წარმოების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. მსგავსი ფაქტორები ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე კვარტალში ხელს უშლის. ამიტომაც ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა ისტორიული ეკონომიკური დაღმასვლის წინაშეა.
ეკონომისტ ლარი ჰუს მოსაზრებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4%-ზე ნაკლები იქნება მიმდინარე კვარტალში, მაშინ როდესაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში ზრდამ 6%-ი შეადგინა.
„შესაძლოა მთავრობამ ნეგატიური ზრდის შესახებაც განაცხადოს პირველ კვარტალში, რაც პირველი შემთხვევა იქნება კულტურული რევოლუციის შემდეგ“, – განაცხადა ჩინელმა ეკონომისტმა.
ჩინეთის ეკონომიკა შემცირდა 1976 წელს 1,6% ნიშნულით, როდესაც კომუნისტური პარტიის ლიდერი მაო ძედუნის სიკვდილს პოლიტიკური და სოციალური არეულობა მოჰყვა ქვეყანაში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა აღმასვლას და ზრდას განაგრძობდა წლიურად საშუალოდ 9.4%-ით 1978-დან 2018 წლამდე. ამ პერიოდში ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების სერიები განხორციელდა.
ეკონომისტ ლარი ჰუს თქმით, ჩინეთმა შესაძლოა, ამჯერადაც გარკვეული ზომები მიიღოს ეკონომიკის დასახმარებლად, თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ პეკინი მსხვილი მასტიმულირებელი პაკეტის შესახებ განაცხადებს.