ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეკ მა აღარ არის – ის Tencent-ის მფლობელმა ჩაანაცვლა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეკ მა აღარ არის – ის Tencent-ის მფლობელმა ჩაანაცვლა

ჩინური კორპორაცია Tencent-ის მფლობელმა მა ჰუატენმა Alibaba-ს დამფუძნებელ ჯეკ მას გადაუსწრო და ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. Tencent-ის აქციების ღირებულება 14%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Tencent-ი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც გასართობ ინტერნეტ პროგრამებს ქმნის. ამიტომაც კორონავირუსის პანდემიის დროს კი მისი აქციების ღირებულების ზრდა არც ყოფილა გასაკვირი.

ხუთშაბათის მონაცემებით, მა ჰუატენის ქონება $48.2 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც 18 მარტის მონაცემებით, ის დაახლოებით 10 მილიარდით ნაკლები იყო. ჯეკ მას ქონება კი ბოლო მონაცემებით, $41.2 მილიარდია.

Tencent-ის პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ იანვრიდან გაიზარდა, მაშინ როდესაც ჩინეთში კარანტინი იყო. თუმცა, ახლა დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე მოხსნილია, ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ Tencent-ის ღირებულებამ ისევ კლება დაიწყოს.

იანვარში ჩინეთში დაწესებულმა კარანტინმა და სახლში დარჩენის მოწოდებამ ვიდეოთამაშების ბაზრის გააქტიურება გამოიწვია.

“ჩვენი პლატფორმები და პროდუქტები არასოდეს ყოფილა ისეთი საჭირო, როგორც სახლში დარჩენილი მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა Tencent-ის დამფუძნებელმა, რომელიც ასევე თავმჯდომარეობს და ხელმძღვანელობს კომპანიას.

Tencent-ის პირველი კვარტლის შემოსავლები 26%-ით გაიზარდა და დაახლოებით $15 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მსგავსი კომპანიების შემოსავლების ზრდა დროებითია და მას შემდეგ რაც სკოლები და ოფისები გაიხსნება და ბოლომდე მოიხსნება შეზღუდვები, ადამიანები ნაკლებ დროს დაუთმობენ ე.წ “გეიმინგს“.