ჩინეთმა, მსოფლიოში პირველად, მეთანის ძრავაზე მომუშავე რაკეტა წარმატებით გაუშვა

ჩინეთმა, მსოფლიოში პირველად, მეთანის ძრავაზე მომუშავე რაკეტა წარმატებით გაუშვა

კერძო ჩინურმა კომპანიამ, მსოფლიოში პირველად, მეთანისა და თხევადი ჟანგბადის ძრავაზე მომუშავე კოსმოსური რაკეტა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, Zhuque-2-ის გაშვების მისია პროცედურებთან სრული შესაბამისობით შესრულდა.

ცნობისთვის, პეკინში დაფუძნებული კომპანია LandSpace-ისთვის ეს Zhuque-2-ის გაშვების მეორე მცდელობა იყო, რადგან პირველი ცდა დეკემბერში წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად, ჩინურმა კომპანიამ ამერიკული კონკურენტებს დაასწრო და კოსმოსში ახალი თაობის რაკეტა, რომელიც ნაკლებად დამაბინძურებლად, უსაფრთხოდ და იაფად მიიჩნევა, პირველმა გაუშვა.

საინტერესოა, რომ Zhuque-2-ის წარმატებით გაშვების შესახებ ინფორმაცია სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩინეთმა 2030 წლისთვის მთვარეზე ორი რაკეტის გაგზავნა დააანონსა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორი დაგეგმილი რაკეტიდან ერთით, მთვარის ზედაპირზე დასაშვებად კოსმოსური ხომალდის, ხოლო მეორე რაკეტით – ასტრონავტების გადაყვანა იგეგმება.

ცნობისთვის, ჩინური კომერციული კოსმოსური ფირმები ამ სექტორში 2014 წლიდან შევიდნენ, როდესაც ჩინეთის მთავრობამ ინდუსტრიაში კერძო ინვესტიციები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ LandSpace-ი მეორე კერძო ჩინური კომპანია გახდა, რომელმაც თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტა გაუშვა. აპრილში, ნავთი-ჟანგბადის რაკეტა Beijing Tianbing Technology-მა გამოცადა.