ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ამიერიდან ჩინეთში ყველა სახის კრიპტოვალუტის ტრანზაქცია არალეგალური იქნება. ასევე არალეგალურად გამოცხადდა ბიტკოინი – ყველაზე დიდი და მყარი ციფრული ვალუტა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს. შესაბამისად, ის რყევები, რომლებიც იქ მიმდინარეობს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კრიპტოვალუტების ფასზე მსოფლიო ბაზარზე. ამის დადასტურებაა ისიც, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე ბიტკოინის ფასი თითქმის $2000-ით დაეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის მკაცრი ფინანსური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კრიპტოვალუტებსა და ციფრულ ტრანზაქციებს უკვე დიდი ხანია, ებრძვის. მთავრობის მოსაზრებით, კრიპტოვალუტები ინვესტირების სპეკულაციური გზაა, რისი მიზანიც მხოლოდ ფულის გათეთრებაა.
საინტერესოა, რომ ჩინეთმა 2019 წელს აკრძალა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, თუმცა უცხოური პლატფორმების წყალობით აღნიშნული პროცესი მაინც შესაძლებელი იყო. 2021 წელს ჩინეთის მთავრობა საკითხს უფრო მკაცრად მიუდგა. მაისში ჩინურმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა მყიდველები გააფრთხილა, რომ სახელმწიფოსაგან ბიტკოინითა და სხვა ვალუტებით ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, მფარველობა არ ექნებოდათ. მთავრობის ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ინდუსტრიაზე ზეწოლას კიდევ უფრო მეტად გაზრდიდნენ.
ივნისში, ჩინეთში ბანკებსა და საგადასახადო პლატფორმებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ ტრანზაქციების დადასტურება და კრიპტოვალუტების მაინინგი, ანუ გამომუშავების პროცესი, აკრძალეს.
თუმცა პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა იმისა, რომ ჩინეთი ამ ინდუსტრიის წინააღმდეგ იბრძვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს აღნიშნულ არალეგალურ საქმიანობაში, კრიმინალს სჩადის და გასამართლდება. გარდა ამისა, აიკრძალა უცხოური პლატფორმებიც კრიპტოვალუტების ვაჭრობისათვის.