“ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიარდები“: ბილ გეითსი ახალი პანდემიისგან მსოფლიოს დაცვის ზომების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიო შესაძლოა კიდევ დადგეს ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე, იქნება ეს კორონავირუსი, გრიპი თუ სხვა ამდრომდე უცნობი დაავადებები. იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ის პრობლემა და საფრთხე, რის წინაშეც კაცობრიობა 2020 წელს დადგა, საჭიროა ახალი პანდემია აღქმული იყოს როგორც სერიოზული საფრთხე, როგორც მაგალითად ომი.
ახალი პანდემიის პრევენციას კი დასჭირდება ათობით მილიარდი დოლარი წლის განმავლობაში. ბილ გეითსის თქმით, ეს ინვესტიცია მასშტაბურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს $28 ტრილიონი დაუჯდა. “მსოფლიომ უნდა დახარჯოს მილიარდები, რათა დაზოგოს ტრილიონები და თავიდან აირიდოს მილიონობით ადამიანის სიკვდილი“, – წერს მილიარდერი თავის ბლოგში.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებმა, პირველ რიგში უნდა გააგრძელონ ინვესტირება იმ მიმართულებით, რაც პანდემიასთან გამკლავებისთვის იქნება საჭირო, ვინაიდან გასულ წელს მაგალითად, თვეები დასჭირდა ამერიკაში საკმარისი რაოდენობის ტესტების უზრუნველყოფას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო პანდემიის დაწყების შემთხვევაში, უკვე იქნება მეგადიაგნოსტიკური პლატფორმები, რაც კვირაში მსოფლიო მოსახლეობის 20%-ის ტესტირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ამასთან, ბილ გეითსი ამბობს, რომ საჭიროა “გლობალური გამაფრთხილებელი სისტემის“ შექმნა. ეს გულისხმობს სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნას, როგორიც მაგალითად ხანძრის შემთხვევაშია. “არის ჯგუფები, რომლებიც გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, და რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ პოტენციურ კრიზისებზე“. თავისუფალ დროს კი, ეს ადამიანები მალარიასთან ან მაგალითად პოლიომიელიტთან ბრძოლას მოახმარენ. ბილ გეითსი ამბობს, რომ მსოფლიოს დაახლოებით 3000 მსგავსი სპეციალისტი სჭირდება. მისივე თქმით, საჭიროა ასევე მათი რეგულარული წვრთნა, როგორც სამხედრო წვრთნებია.
და ბოლოს, Microsoft-ის დამფუძნებელმა რამდენიმე თვის წინ თავის პოდკასტში განაცხადა, რომ თუ გაგვიმართლებს, შემდეგი პანდემია 20 წელიწადში დაიწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიები ყოველ სამ წელიწადში ერთხელაც შეიძლება განმეორდეს.
რაც შეეხება ამჟამინდელ პანდემიას, გეითსი ამბობს, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია სოციალური დისტანცირებით, პირბადის ტარებით და სხვა პრევენციული ზომებით. ამასთან, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის შედეგს ჩვენ ვნახავთ გაზაფხულისთვის, როდესაც ინფიცირების კლება დაიწყება.