რუსეთის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ. ამის შესახებ CNBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ის თანამდებობის პირების მიხედვით, ჯგუფი, რომელიც შესაძლოა მსგავსი კიბერ-შეტევის ავტორი იყო, ცნობილია როგორც APT29. ეს რუსეთის დაზვერვის სამსახურთან ასოცირებული ჰაკერთა ჯგუფია, რომელიც ვაქცინის შესახებ ინფორმაციას მკვლევარებს ელექტრონული წერილებით სთხოვდა.
“სრულიად მიუღებელია ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისათვის მომუშავე ხალხის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიზანში ამოღება”, – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, დომინიკ რააბი, – “ჩვენ კომპანიებს ვურჩევთ, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა რუსი ჰაკერების მახეებში არ გაებან.”
კრემლის წარმომადგენელი, დმიტრი პესკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. პესკოვის მიხედვით, რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს ფარმაცევტულ კომპანიებსა და კვლევით ინსტიტუტებზე განხორციელებულ კიბერ-შეტევებთან. მან ისიც დაამატა, რომ რუსეთისთვის ბრალდებების წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის.
რუსმა ჰაკერებმა ფარმაცევტულ კომპანიებსა და კვლევით ინსტიტუტებს ყალბი ელექტრონული წერილები გაუგზავნეს. ამ მეთოდს Spear phishing-ი ჰქვია, სადაც ჰაკერი მსხვერპლს თავს სანდო წყაროდ აჩვენებს, რის დახმარებითაც იგი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვას ცდილობს.
“ის ორგანიზაციები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, რუსეთისთვის, ირანისა და ჩინეთისთვის დიდ სამიზნეს წარმოადგენს. ვირუსთან დაკავშირებული კიბერ-შეტევები ჯერ კიდევ იანვარში ფიქსირდებოდა,” – ამბობს ჯონ ჰულთქუისთი, Mandiant Threat Intelligence-ის უფროსი დირექტორი.