როგორ შეცვალა პანდემიამ გადახდის მეთოდები და მომხმარებელთა ქცევა

როგორ შეცვალა პანდემიამ გადახდის მეთოდები და მომხმარებელთა ქცევა

კორონაპანდემიის დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ცვლილება თითქმის ყველა სფეროს შეეხო, გამონაკლისი ამ მხრივ არც საბანკო სექტორი და მომხმარებელთა ქცევა ყოფილა.

CNBC-ის ინფორმაციით, ფინანსურმა კომპანია FIS-მა გამოიკვლია, რა ზეგავლენა აქვს პანდემიას გადახდის მეთოდებსა და ონლაინვაჭრობაზე.

„აშკარაა, რომ კორონავირუსმა დააჩქარა მომხმარებელთა დიდი ნაწილის ციფრულ საბანკო სისტემაზე გადასვლა. ცვლილებების პარალელურად, ფინანსურ ფირმებს უწევთ, რომ მოერგონ მომხმარებელთა ქცევას, დანერგონ გადახდის ინოვაციური მექანიზმები. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია სტრატეგია „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“, – ამბობს FIS-ის წარმომადგენელი, ენდრიუ ბეიტი.

FIS-ის გარდა, აღნიშნულ საკითხზე კვლევა Visa-მაც ჩაატარა. ირკვევა, რომ მომხმარებელთა 85%-მა მაშინაც კი, როცა ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელი იყო, ბარათი გამოიყენა. ამასთან, მცირე ბიზნესის 82% ონლაინვაჭრობაზე გადავიდა.

მართალია, შეზღუდვები ამჟამად შემსუბუქებულია, თუმცა გამოკითხულთა პრეფერენციებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ მხოლოდ 16% აპირებს, დაუბრუნდეს პანდემიამდელ საბანკო ქცევას. გარდა ამისა, VISA ვარაუდობს, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ონლაინვაჭრობის მიმართ მეტად პოზიტიური განწყობაა მოსალოდნელი, რადგან ასე იზოგება დრო, ფული და ენერგია.