Credit Suisse-ი სასამართლოში ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხის შემცირებას ეცდება

Credit Suisse-ი სასამართლოში ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხის შემცირებას ეცდება

გაკოტრებული საფინანსო ორგანიზაცია Credit Suisse-ი სინგაპურის სასამართლოში დავას აგრძელებს და საქართველოს ყოფილი პრემიერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი 743 მილიონი აშშ დოლარის შემცირებას ისახავს მიზნად.

გადასახდელი თანხა განისაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ბანკის ტრასტმა ვერ შეძლო ივანიშვილის აქტივების დაცვა. აღსანიშნავია, რომ თანხა 743 მილიონამდე 926 მილიონი დოლარიდან 2023 წლის სექტემბერში შემცირდა.

მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ადვოკატები ვერდიქტს მიიჩნევენ „მცდარად და ყურადსაღები ლეგალური პრობლემების წარმომქმნელად“ და გადასახდელის შემცირებას ეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტის დაღმასვლა დაკავშირებულია ფრანგი კერძო ბანკირის, პატრის ლესკაუდრონის საქმესთან. ლესკაუდრონს თაღლითური სქემის ორგანიზებისთვის ბრალი 2018 წელს წაუყენეს, მან ივანიშვილის ანგარიშზე არსებული თანხა სხვა რუსი კლიენტების პორტფოლიოებში დანაკარგების დასაფარად გამოიყენა. გაკოტრების შემდეგ Credit Suisse-ი მისმა უმთავრესმა ოპონენტმა და უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS Group AG-მა გადაიფორმა.

ივანიშვილის ადვოკატები თავიდანვე ამტკიცებდნენ, რომ ბანკის ზედამხედველებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ლესკაუდრონის ქმედებების შესახებ, ხოლო თუ არ იცოდნენ, მათი უგულისყურობა კრიმინალურად უნდა იქნეს მიჩნეული. ბანკის წარმომადგენლების პოზიციით, ფრანგი მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებს უმალავდა.

ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებით, Credit Suisse-მა ბანკირის დანაშაულებრივ ქმედებებს „თვალი აარიდა“. სწორედ ამ და სხვა შემთხვევებმა განაპირობა მეწილეთა ნდობის კლება და UBS-ის მიერ მისი შეძენა გადარჩენის მიზნით. ქართველმა მილიარდერმა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით 600 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.