Fox News-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში ორშაბათს გვიან ღამით გავიდა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს უკრაინის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების ნაწილი, როგორც კომპენსაცია იმ ასობით მილიარდისთვის, რომელიც თეთრმა სახლმა მას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გამოუყო.
„მე მათ [უკრაინას] ვუთხარი, რომ მსურს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მიწა-მეტალები. და ისინი არსებითად დათანხმდნენ ამას, რათა სულ მცირე, თავი სულელებად არ ვიგრძნოთ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ გაწეული დახმარების სანაცვლოდ „რაღაც უნდა მიიღონ“, თორემ ფინანსურ მხარდაჭერას ვერ გააგრძელებენ.
ცნობისთვის, მინერალების აღნიშნული ჯგუფი 17 მეტალისგან შედგება, რომლებიც ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორიცაა: მანქანათმშენებლობა, ავტოინდუსტრია, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, მას თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტებისა და მინერალების უზარმაზარი საბადოები აქვს, დაწყებული ლითიუმიდან ტიტანით დასრულებული.
გარდა ამისა, უკრაინა ფლობს ქვანახშირის უზარმაზარ მარაგს, ასევე ნავთობს, გაზსა და ურანს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზეა.
აქვე აღსანიშნავია, რომ იშვიათი მიწა-მეტალების მოპოვების მოცულობით პირველ ადგილზე ჩინეთია, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მრავალი მიმართულებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებაში.