დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივ ათვისებაზე შეთანხმებას მიაღწია. გამოცემების შეფასებით, შესაძლოა გარიგება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამოსწორების წინაპირობად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრამპი ომის დასრულებას რუსეთთან მოლაპარაკებებით ცდილობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის შეთანხმება მოიცავს მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთობლივად ათვისებას. თუმცა, გამოცემის ცნობით, შეთანხმებაში უკრაინის გარანტიები, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპისგან დაჟინებით ითხოვდა, ნახსენები არაა. სავარაუდოდ, შეთანხმებიდან ამოღებულია მოთხოვნაც, უკრაინას სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%, მაქსიმუმ $500 მილიარდი, აშშ-ის მიერ კონტროლირებად საინვესტიციო ფონდში შეეტანა.
ამის მიუხედავად, Bloomberg-ისა და Financial Times-ის ცნობით, შეთანხმების საბოლოო ვერსიაში ახალი პუნქტი იქნება შეტანილი, რომელიც უკრაინას ავალდებულებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიებისა და მათი მოპოვებით მიღებული მოგების ნახევარი აშშ-ისა და უკრაინის ახალ, ერთობლივ ფონდში შეიტანოს.
ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ შეთანხმებულ გეგმას უკრაინის პარლამენტის მიერ დამტკიცება სჭირდება. Financial Times-ის ცნობით, შეთანხმების რატიფიცირებამდე, უკრაინის პარლამენტის წევრები დებატებს გამართავენ.
Reuters-ის თანახმად, სამწლიანი ომის შემდგომ, უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად მინიმუმ $524 მილიარდი სჭირდება. გამოცემის შეფასება, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის მონაცემებს ეფუძნება. ცნობისთვის, მაჩვენებელი გასული წლის შეფასების შემდეგ 7%-ითაა გაზრდილი.