დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2023: შეჯამება

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2023: შეჯამება

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გაიმართა, რომელსაც წლევანდელ ზამთრის სესიაზე პოლიტიკური და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების რეკორდული რაოდენობა დაესწრო. 2023 წლის WEF-ის მთავარი თემა „ფრაგმენტულ სამყაროში თანამშრომლობა“ გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს დაიწყო და 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

მიმდინარე წლის ეკონომიკურ ფორუმს რეცესიისა და ეკონომიკურად გაურკვეველი მომავლის თემა გასდევდა, თუმცა ბოლოსკენ თითქოსდა ოპტიმისტური გადასვლაც ვიხილეთ, როდესაც შემაჯამებელმა პანელმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივა იმაზე უფრო დადებითად შეაფასა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, ფორუმზე არც ის ძირითადი რისკები გამორჩენიათ, რომლებმაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედოს, იქნება ეს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა თუ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის გამძაფრების შესაძლებლობა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ დავოსის აუდიტორიას განუცხადა, ეკონომიკური ზრდის გაძლიერების კუთხით ჩინეთის პოტენციალი ახლა უფრო მეტად გაუმჯობესებულია და IMF-ი, 2023 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას 4.4%-ით პროგნოზირებს. ბიზნესისთვის ღიაობა დაადასტურა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ საკუთარ გამოსვლაში. თუმცა, ლიუს გამოსვლამ ინფლაციური შიშებიც გააღვივა, ამასთან ერთად კი გააჩინა მოლოდინი იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ჩინეთის გახსნა შეერთებულ შტატებთან არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების გარდა, ერთკვირიანი შეხვედრებისას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის დომინანტური იყო დებატები მწვანე ენერგიის ტრანზიციის სუბსიდიებთან დაკავშირებით, განვითარებად ქვეყნებში მზარდი დავალიანებისა და გლობალური გეოპოლიტიკური რისკების სიუხვის შესახებ. დასავლური სახელმწიფოებისთვის კი ყველაზე რთული გზა – ინფლაციის 2%-მდე შემცირება – ჯერ კიდევ გასავლელია. JP Morgan-ის პრეზიდენტისა და მთავარი ოპერაციული ოფიცრის დანიელ პინტოს შეფასებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ არ მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო.

რასაკვირველია, ფორუმის დღის წესრიგის გარეთ არ დარჩენილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც მთავარი თემა იყო მაისშიც, უკრაინის ტერიტორიაზე პირველი დარტყმებიდან სამი თვის შემდეგ გამართულ, WEF-ის არაგეგმურად ჩანიშნულ შეხვედრაზეც. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომი დავოსშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახლდათ, რომელიც გავლენას ახდენს არამარტო უკრაინაზე, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაზე, თავდაცვის პოლიტიკაზე, მსოფლიოს ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებაზე.

დავოსის ფორუმზე, უკრაინის მოკავშირეები ქვეყნისთვის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად უკეთესი იარაღის მიწოდებისა და დაფინანსების გაორმაგების საკითხს შეეხნენ. თუმცა, ფორუმზე, ეკონომიკური ვარდნის შიშის ფონზე, ბევრად კარგად გამოჩნდა ის განხეთქილება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს გარეთ არსებობს. უკრაინის დახმარების გაძლიერების პარალელურად, შეხვედრაზე დელეგატთა ნაწილი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუყოვნებლივი დაბრუნების მოწოდებითაც გამოდიოდა.

დავოსში უკრაინის გეგმები მხოლოდ მოკავშირეებისგან თანამედროვე იარაღის მიწოდების ზრდით როდი შემოიფარგლებოდა. ამის პარალელურად, ომისგან დაზარალებულმა ქვეყანამ, შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მიმდინარე შეხვედრებისას, გააძლიერა ძალისხმევაც ქვეყნის აღდგენისთვის ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღების მიმართულებით. ომისგან მიყენებული ზარალი კი უკრაინისთვის მართლაც შემაშფოთებელია და ზოგიერთი შეფასებით, $1 ტრილიონსაც უტოლდება.

თუმცა, უკრაინის რეკონსტრუქცია ვერ დაიწყება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. ომის დასრულებისთვის კი ყველას განსხვავებული გეგმა აქვს. „ამ კვირაში პოლიტიკოსების მოსმენისას გაკვირვებული დავრჩი, დამრჩა შეგრძნება, რომ ზუსტად არავინ იცის სად მივდივართ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი“, განაცხადა ტანია ფაიონმა, სლოვენიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, თუ ხვალ, ომის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა გვსურს, მაშინ დღეს უკრაინას უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ.

2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უმთავრეს საკითხებს შორის მოხვდა ვაჭრობა. საინტერესოა, რომ წლევანდელ შეხვედრაზე, მსოფლიოს სამივე წამყვანმა სავაჭრო ძალამ, ვაჭრობის მომავლის შესახებ, საკუთარი შეხედულებები წარადგინა, თუმცა დანარჩენი სამყარო, თითქოს მათი „მომავლის“ გარეთ დარჩა.

შტატების „სამუშაო ძალაზე ორიენტირებული“ ვაჭრობის ხედვა, ჩინეთის „ყოველმხრივი გახსნა“, ევროპის სტრატეგიული ავტონომია – ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელმაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელის მოწონება, სწორედ სხვა ქვეყნების გაურკვეველი მომავლის გამო, ვერ დაიმსახურა. „შეშფოთებული ვარ, რადგან გლობალიზაციის გარდაქმნა ჩვენ სწორედ იმ ქვეყნებისა და რეგიონების ჩასართავად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც აქამდე ამ სიტუაციის გარეთ იყო დარჩენილი“, განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ, სამი ქვეყნის „ინდუსტრიული მეგობრობის“ შეფასებისას.

გაუგებარია, თუ როგორ მოერგება დანარჩენი მსოფლიო ახალ სავაჭრო სისტემას, რომელიც მუშახელის დაცვასა და მიწოდების ჯაჭვების განახლებას ითვალისწინებს. „ეს ყველაფერი მხოლოდ მდიდარი სახელმწიფოების თამაშს ემსგავსება. ჩვენ შეგვიძლია ამის სუბსიდირება, თქვენ ეს დაასუბსიდირეთ – თუმცა, რა ხდება ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში,რომელთაც შეზღუდული ფისკალური სივრცე გააჩნიათ? ისინი კვლავ გარეთ, სიცივეში რჩებიან“, განაცხადა ფორუმზე ინდოეთის წარმომადგენელმა, რაღურამ რაჯანიმ.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კლიმატური კრიზისიც, რომლის განხილვასაც დავოსში მშვიდ ფონზე ნამდვილად არ ჩაუვლია. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნავთობკომპანიების მონაწილეობა ეკოაქტივისტების კრიტიკის საგანი მალევე გახდა. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში გამართულ ფორუმზე დამსწრეთა შორის იყვნენ BP-ის, Chevron-ის, Occidental Petroleum Corp-ისა და Saudi Aramco-ს წარმომადგენლები.

მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ ფორუმზე ეკოაქტივისტებმა აღმასრულებელ დირექტორებს „cease and desist“ წერილი წარუდგინეს და ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მოპოვების შეჩერება მოსთხოვეს. ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიამ კი, რომელსაც კლიმატის დამცველი აქტივისტები დავოსის ფორუმის მიტაცებაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ინდუსტრია ნაწილია ენერგეტიკული ტრანზიციის, რადგან წიაღისეულ საწვავს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *