საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 183.38 მილიონი ლარით, 0.36%-ით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 50.60 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.72% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 668.20 მილიონი ლარით, 3.34%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლებამ 2.97% შეადგინა. თუმცა 2.80%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.16%-ით), 851.58 მილიონი ლარით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი დეკემბრის ბოლოსთვის 49.27%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 0.03%-ით არის გაზრდილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.