რას გულისხმობს აშშ-გრენლანდია-დანიას შორის გაფორმებული უსაფრთხოების შეთანხმება?

რას გულისხმობს აშშ-გრენლანდია-დანიას შორის გაფორმებული უსაფრთხოების შეთანხმება?

ფოტო: Marko Djurica

 

სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა, გრენლანდიამ და დანიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რითაც დანიის მართვად ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა დაასრულეს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე თვის წინ გრენლანდიის მიერთებაზე აქტიურად საუბრობდა და აღნიშნულის მიზეზად არქტიკის სარტყლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოყენებას ასახელებდა.

დანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა და დანიამ 1951 წლის გრენლანდიის თავდაცვის შესახებ აშშ-დანიის პაქტის ჩანაწერში დამატებები შეიტანეს.

ძირითადი მიმართულება თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატები გრენლანდიის ტერიტორიაზე ორ ახალ სამხედრო ბაზას განათავსებს. ერთი ბაზა გრენლანდიის სამხრეთით, ნარსარსუაქში განთავსდება, მეორე კი – აღმოსავლეთ სანაპიროზე, მესტერსვიგში. გარდა ამისა, აშშ კუნძულზე ამჟამად ერთადერთ აქტიურ ბაზას, პიტუფიკის კოსმოსურ ცენტრს გააფართოებს.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებსა და გემებს გრენლანდიის ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში ფრენის, დაჯდომის, გადაადგილებისა და წყალქვეშა საქმიანობის წარმოების უფლებები ექნებათ. შეთანხმებაში სამხედროების რაოდენობა და ვადები განსაზღვრული არ არის.

საინტერესოა, რომ შეთანხმება გამოხატავს მხარდაჭერას არქტიკაში ნატოს გაძლიერებული ყოფნის მიმართაც. დანია კი ვალდებულებას იღებს, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოების პოზიციები ამ რეგიონში.

თუ გრენლანდია ოდესმე დამოუკიდებელი გახდება, დანიამ და გრენლანდიამ უნდა უზრუნველყონ ახალი სახელმწიფოს დარჩენა ნატოში და, საჭიროების შემთხვევაში, გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს კი გრენლანდიაზე სამხედრო აქტივობა სრულად ეკრძალებათ.

შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ის პატივს სცემს გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას. დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა უნდა იმოქმედოს ისე, რომ პატივი სცეს გრენლანდიურ საზოგადოებასა და ცხოვრების წესს.

შეთანხმება ნატოს წევრი ქვეყნების, ნატოს პარტნიორებისა და ევროკავშირის ფარგლებს მიღმა მდებარე სახელმწიფოებიდან ინვესტორებს გრენლანდიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებზე კონტროლის მოპოვებას უკრძალავს. ამ წესების აღსასრულებლად გრენლანდია ინვესტიციებსა და ინვესტორებს შეამოწმებს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ძალაში შესვლამდე გრენლანდიისა და დანიის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. შეთანხმებას არა აქვს მოქმედების ვადის დასასრული და მისი შეცვლა მხოლოდ ორმხრივი თანხმობითაა შესაძლებელი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.