ფოტო: Bloomberg
Meta-მ AI-გაჯეტი Meta Charm-ი წარადგინა, რომელიც კომპანიის ახალ, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Muse-ს გამოიყენებს. Charm-ი, რომელიც დაახლოებით Apple-ის AirPods-ის ქეისის ზომისაა, Meta-ს ტექნოლოგიური მოწყობილობების იმ მიმართულების გაფართოების ფარგლებში შეიქმნა, რომელიც აქამდე, ძირითადად, ჭკვიანი სათვალეებით იყო ცნობილი.
Charm-ს დაახლოებით 2-დუიმიანი სენსორული ეკრანი და 5G-კავშირის მხარდაჭერა ექნება. კომპანიის ინფორმაციით, მოწყობილობის მიწოდება დეკემბერში, სადღესასწაულო სეზონისთვის დაიწყება, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.
„ჩვენ Muse-ის მთლიანი ფუნქციონალი – მათ შორის ხმოვანი და ავატარის სისტემები რეალურ დროში – ისეთ კომპაქტურ მოწყობილობაში მოვაქციეთ, რომელიც გასაღების საკიდზეც კი ეტევა და მუდმივად მზადაა კომუნიკაციისთვის,“ – განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, Meta Connect-ზე.
ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური კომპანიები სმარტფონის შემდეგი თაობის მოწყობილობის შექმნას აქტიურად ცდილობენ. ისინი მილიარდობით დოლარს აბანდებენ AI-ზე დაფუძნებულ გაჯეტებში, რომლებსაც გარემოს აღქმა, მოსმენა და მომხმარებელთან ბუნებრივი კომუნიკაცია შეუძლია. ამ მიმართულებით ვითარდება როგორც ჭკვიანი სათვალეები და სხვა სატარებელი მოწყობილობები, ისე ხელის გაჯეტები, თუმცა საინტერესოა, რომელი ფორმატი გახდება სმარტფონივით მასობრივად პოპულარული.
Meta-ს შემთხვევაში ამ მიმართულების მთავარი პროდუქტი ჭკვიანი სათვალეები გახდა. კომპანიამ EssilorLuxottica-სთან პარტნიორობით შექმნილი Ray-Ban Meta-ს ხაზით ბაზარზე ერთ-ერთი პირველი წარმატებული AI-სათვალე შექმნა.
Muse-ი Meta-ს მოწყობილობების მთავარ ინტერფეისად იქცევა
Meta-მ Muse-ის შესაძლებლობები ჭკვიან სათვალეებზეც გააფართოვა. AI-ასისტენტს კომპიუტერთან მუშაობისა და სხვადასხვა სერვისთან ინტეგრაციის ფუნქციები დაემატა, მათ შორის Walmart-თან, Best Buy-სა და Gap-თან.
კომპანიის განცხადებით, Muse-ი სათვალეებისთვის ძირითად ინტერფეისად იქცევა და მომხმარებლებს ხმოვანი ბრძანებებით საყიდლების განხორციელების, შეხვედრების დაჯავშნისა და სხვა ამოცანების შესრულების საშუალებას მისცემს.
Meta-მ ახალი VR-მოწყობილობაც წარმოადგინა, რომელიც ვიზუალურად სათვალეს ჰგავს და ტრადიციულ ვირტუალური რეალობის ჰედსეტებზე გაცილებით მსუბუქია. Meta VR Glasses-ის ფასი $1,299 იქნება, გაყიდვები კი 2027 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მოწყობილობა დაახლოებით 100 გრამს იწონის. მისი შედარებით მსუბუქი ვერსიის შექმნა შესაძლებელი გახდა იმის ხარჯზე, რომ ელემენტი და პროცესორი ცალკე მოწყობილობაშია განთავსებული. Meta-ს განცხადებით, VR-სათვალე მომხმარებლის თვალის მოძრაობას, ხმასა და ხელის ჟესტებს აღიქვამს.
Meta უკამერო ჭკვიან სათვალეებსაც გამოუშვებს
კომპანიამ Ray-Ban Meta Audio, უკამერო ჭკვიანი სათვალეც წარადგინა. მოწყობილობის მიწოდება 13 ოქტომბრიდან დაიწყება, საწყისი ფასი კი $349 იქნება.
ახალი სათვალეები კვლავ შეძლებს აუდიოს ჩაწერას, თუმცა კამერის არქონის გამო ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეუძლებელი იქნება. ამასთან, მოწყობილობას არ ექნება მკაფიო ვიზუალური სიგნალი, რომელიც გარშემომყოფებს შეატყობინებს, რომ აუდიო იწერება. ეს განსხვავდება Meta-ს კამერიანი სათვალეებისგან, რომლებიც ჩაწერისას ინდიკატორ ნათურას იყენებს.
Meta-ს თქმით, კამერის ამოღება მხოლოდ კონფიდენციალურობის საკითხით არ ყოფილა განპირობებული. კომპანიის განცხადებით, აუდიო კომპანიის სათვალეების ყველაზე პოპულარული ფუნქციაა, რადგან ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გარემოსთან კავშირის დაკარგვის გარეშე მაღალი ხარისხის ხმა მიიღოს.
კამერის გარეშე წარმოდგენილმა დიზაინმა Meta-ს საშუალება მისცა, ყველაზე თხელი სათვალე შეექმნა. მისი წონა დაახლოებით გოლფის ბურთის წონის ტოლია, ხოლო ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა ერთი დამუხტის შემთხვევაში 12 საათს აღწევს. შედარებისთვის, მესამე თაობის Ray-Ban Meta-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 9 საათია.
ახალი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე განსხვავებულ დიზაინში, მათ შორის Clubmaster-ისა და Burbank-ის სტილში.
კონფიდენციალურობის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება
AI-ზე დაფუძნებული მოწყობილობების გავრცელებასთან ერთად, მათი კონფიდენციალურობის საკითხიც სულ უფრო აქტუალური ხდება. Meta-ს ტექნოლოგიების მიმართ უკვე გაჩნდა კრიტიკა და კომპანიას ამ მიმართულებით სამართლებრივ და მარეგულირებელ გამოწვევებთანაც უწევს გამკლავება.
IDC-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის, ჯიტეშ უბრანის შეფასებით, კამერის ამოღება კონფიდენციალურობის გარკვეულ პრობლემებს ამცირებს, თუმცა აუდიოს თანხმობის გარეშე ჩაწერის შესაძლებლობის გამო რისკი კვლავ რჩება.
კამერის გარეშე სათვალეების გამოშვებამ შესაძლოა მოწყობილობის ზოგიერთი პოპულარული ფუნქციის გამოყენებაც შეზღუდოს, რადგან ფოტოსა და ვიდეოს გადაღება ჭკვიანი სათვალეების ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად მიიჩნევა. თუმცა ახალი პროდუქტი აუდიოზე ორიენტირებულ სხვა მოწყობილობებს, მათ შორის Apple-ის AirPods-ს გაუწევს კონკურენციას.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი










