Delta Air Lines-ი 2023 წლიდან მგზავრებს უფასო Wi-Fi-ს შესთავაზებს

Delta Air Lines-ი 2023 წლიდან მგზავრებს უფასო Wi-Fi-ს შესთავაზებს

Delta Air Lines-ი მგზავრებისთვის უფასო ინტერნეტის შეთავაზებას 2023 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. Delta-მ ოთხწლიანი გეგმა შეაჯამა, რომელიც მგზავრებისთვის ფრენის პერიოდში უფასო სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ავიახაზების ნაწილი ახალი ბიზნესმოდელით, მგზავრებს უფასო Wi-Fi-ს უკვე სთავაზობს.

საწყის ეტაპზე, 2023 წლის დასაწყისში, Delta Air Lines-ი სერვისს კომპანიის SkyMiles ლოიალობის პროგრამის წევრებს თვითმფრინავების გარკვეულ ნაწილზე შესთავაზებს, რომელთა რაოდენობაც წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება. როგორც წლევანდელ Skift Aviation-ის ფორუმზე კომპანიის მომხმარებელთა გამოცდილების ოფიცერმა აღნიშნა, ავიახაზები ინტერნეტსერვისების განვითარებაში ინვესტირების გაზრდას დიდ ყურადღებას უთმობს.

ცნობისთვის, მგზავრებისთვის უფასო ინტერნეტის შეთავაზებაზე განცხადება Delta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ბასტიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ სერვისის დანერგვა ფრენის დროს კავშირსა და ქსელის სტაბილურობას გააუმჯობესებს. Atlanta Journal-Constitution-ის ინფორმაციით, Delta-მ უფასო Wi-Fi პირველად სწორედ 2018 წელს გამოცადა, ტესტირება კი მიმდინარე წლის დასაწყისში განაახლა, რაც კომპანიას ინტერნეტსერვისების პარამეტრების გაუმჯობესებაში დაეხმარა.

იმ ამერიკულ ავიახაზებს შორის, რომლებიც ფრენის დროს მგზავრებს უფასო ინტერნეტს უკვე სთავაზობენ, ან სამომავლოდ განიხილავენ სერვისის დამატებას, არიან  JetBlue Airways-ი, American Airlines-ი და Southwest Airlines-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *