ერთდღიანი პაუზის შემდეგ, პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა გრძელდება. დღეს საქართველოს სახელით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რობერტ კობლიაშვილი იასპარეზებს.
რობერტ კობლიაშვილი 97 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ტურნირზე პირველ შეხვედრას მერვედფინალში გამართავს, სადაც ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოჭიდავე აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ბელარუსის მოქალაქეა და ვინაიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებს პარიზის ოლიმპიადაზე საკუთარი სახელმწიფოს სახელით გამოსვლა აკრძალული აქვთ, ისინი ღონისძიებაში ზემოხსენებული სტატუსით მონაწილეობენ.
კობლიაშვილსა და ხასლახანაუს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, 14:00 საათის შემდეგ გაიმართება.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).