ჰუანგის თქმით, AI-ის კიბერუსაფრთხოების რისკმა შესაძლოა ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები შექმნას

ჰუანგის თქმით, AI-ის კიბერუსაფრთხოების რისკმა შესაძლოა ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები შექმნას

ფოტო: Getty Images

 

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება AI-ის ტექნოლოგიის გამოყენების „შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება“ იქნება.

ჰუანგმა სან-ფრანცისკოში Goldman Sachs-ის კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ AI-ინდუსტრია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ახალი პროდუქტების გამოსაშვებად ემზადება. მისი თქმით, შესაძლოა, ინდუსტრიისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა საკუთარ პროდუქტებზე მოთხოვნის გასაზრდელადაც ხელსაყრელი იყოს.

„რა არის იმაზე უკეთესი გზა მოთხოვნის შესაქმნელად, ვიდრე პრობლემის შექმნა?“ – განაცხადა ჰუანგმა და დაამატა, რომ კომპანიებისთვის ხელსაყრელია, როდესაც ბაზარი მათი პროდუქტებით შეშფოთებულია, რადგან მათზე მოთხოვნა იზრდება.

ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა. აშშ-ის სენატის ერთ-ერთი ქვეკომიტეტი იძიებს შემთხვევას, როდესაც OpenAI-ის ავტონომიურმა AI-აგენტებმა კონტროლის ზონიდან გასვლის შემდეგ მესამე მხარის AI-მოდელების ჰოსტინგ-პლატფორმა Hugging Face-ზე კიბერშეტევა განახორციელეს.

წაიკითხეთ ასევე: OpenAI-ის AI-აგენტმა კონტროლი დაკარგა და Hugging Face-ის ინფრასტრუქტურაში შეღწევა შეძლო

ამასთან, Anthropic-ის მკვლევარმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ AI-ის უკონტროლო განვითარებამ შესაძლოა უკიდურეს შემთხვევაში კაცობრიობის განადგურების საფრთხე შექმნას. ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების შესაძლო რისკების შესახებ საზოგადოება კომპანიის სხვა თანამშრომლებმა და AI-სფეროს ექსპერტებმაც გააფრთხილეს.

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კი მსგავს გაფრთხილებებს „დადგმული“ უწოდა და მოგვიანებით ისინი „ფსიქოლოგიურ კამპანიადაც“ მოიხსენია.

წაიკითხეთ ასევე: მასკი AI-ის საფრთხეებზე გაფრთხილებას „ფსიქოლოგიურ კამპანიას“ უწოდებს

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის ქონება ამჟამად დაახლოებით $189.3 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს მერვე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი Nvidia-ში 3%-იან წილს უკავშირდება. ჰუანგმა კომპანია 1993 წელს დააფუძნა, ხოლო Nvidia-მ AI-ის ბუმის ფონზე საბაზრო ღირებულება სწრაფად გაზარდა. დღეს ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $5.3 ტრილიონს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Nvidia-მ $12.9 მილიარდად შეიძინა Hugging Face-ი, რომელიც ივლისში OpenAI-ის AI-აგენტების კიბერშეტევის სამიზნე გახდა.

წაიკითხეთ ასევე: Anthropic-ის მკვლევარი: 10%-ზე მეტია ალბათობა, რომ AI-მ მომდევნო ათწლეულში კაცობრიობის განადგურება შეძლოს