დიადი ამერიკა, რომელსაც განკურნება სჭირდება!

დიადი ამერიკა, რომელსაც განკურნება სჭირდება!

დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე“, – აცხადებდა აშშ- ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

“დროა, დავდგეთ ერთად, როგორც ერი, რომ დავიწყოთ მისი განკურნება“, – ასე მოუწოდა ერთიანობისკენ აშშ- ის 46-ე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

დღეს ის შემთხვევაა, როდესაც არც საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დავწერ და არც გლობალურ უსაფრთხოებაზე.

ის, რაც 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში მოხდა, ამერიკის შეერთებული შტატების სიდიადეზე ნამდვილად არ მეტყველებს. უფრო მის დავირუსებაზე მიანიშნებს.

ის, რაც ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს პოლიციელების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ვიხილეთ – ფერხთბანის მასობრივი ნებაყოფლობითი თუ იძულებითი რიტუალებით დაწყებული, ჯორჯ ფლოიდის ოქროს სასახლეში გასვენების (ნამდვილად იციან დადგმები ჰოლივუდში) პომპეზური ცერემონიალით დამთავრებული, ჩემთვის ასევე არ მიანიშნებს ამერიკის სიდიადეზე. ეს ასევე ინფექციის ერთ- ერთ მწვავე ფორმად მიმაჩნია.

თანაბრად მაშფოთებს შეიარაღებული ულტრამემარჯვენე თეთრი ნაციონალისტების დანახვა და აფრიკულ- ამერიკული წარმომავლობის მამაკაცებით დაკომპლექტებული კარგად აღჭურვილი მემარცხენე ექსტრემისტული დაჯგუფებების მარშები ამერიკის ქუჩებში.

ამერიკის შეერთებული შტატები ჩემთვის დიადია არა იმიტომ და არა ისე, როგორც რომ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იდეოლოგებმა წინასაარჩევნოდ მოიფიქრეს და წარმატებასაც მიაღწიეს; და არც იმიტომ, რომ საშუალო განათლების მქონე თეთრკანიანმა ამერიკელებმა იმდენი სამუშაო ადგილი მიიღეს, ამერიკის ისტორიას რომ არ ახსოვს.

დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, არის და იქნება უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა; ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, ბევრი გამოიარა და ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანმა, ახალჩასულმაც და წლების წინ დამკვიდრებულმაც, იგრძნოს: თუ მოინდომებ, ის შენი სახლი გახდება; თუ ნიჭი და უნარი გაქვს, თუ გიყვარს და შეგიძლია შრომა – შენი მიზნებიც ახდება. შენს მრწამსს, შენს ორიენტაციას, შენს გამოხატვას, შენს თავისუფლებას კანონი დაიცავს და ვერავინ შეეხება.

მრწამსზე გამახსენდა, დონალდ ტრამპმა ბიბლიით ხელში კამერების წინ მე პირადად მხოლოდ ღიმილი მომგვარა (გაერთიანებული შტაბების უფროსმა ბოდიშიც კი მოიხადა ამ კადრში მოხვედრის გამო). მე არავის მრწამსს არ შევეხები არასდროს. ვისაც როგორ უნდა, სადაც უნდა და რამდენიც უნდა, ისე ილოცოს, მაგრამ ამ კადრებმა მგონი „პიარულად“ უფრო ზიანი მოუტანა ტრამპს, ვიდრე სარგებელი.

კარგი, ტრამპი წავიდა. თუმცა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ბოლოჯერ ჩაჯდომის წინ, საყვარელი კარლსონის არ იყოს, დაგვპირდა, რომ დაბრუნდება.

აქ მინდა შევჩერდეთ სულ ცოტა ხნით, ვიდრე აშშ- ის 46-ე პრეზიდენტის, ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ხანგრძლივი კარიერის მქონე პოლიტიკოსის, ჯოზეფ ბაიდენის წინაშე მდგარ პრობლემებსა და ამოცანებს შევეხები.

ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი თუ ვინმეს პრობლემაა დღეს, პირველ რიგში ეს რესპუბლიკური პარტიაა. არჩევნების შემდეგ ცოტა ხანში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის ყველაზე სასურველ კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე 56%-ით ტრამპი გავიდა. 6 იანვრის შემდეგ რესპუბლიკელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 91% იმ ადამიანებისა, ვინც დ. ტრამპს მისცა ხმა, ისევ მზად არის 2024-ში მის მხარდასაჭერად. თავად დ. ტრამპმა კი თქვა, რომ აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ რა ფორმით და როდის, ამას მოვიფიქრებ და შეგატყობინებთო, მაგრამ მისი გარემოცვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკვე „ტროლავს“ ხალხს. გავრცელებულ ვარიანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება: ა) საკუთარ მედიას და სოციალურ პლატფორმას შექმნის (ტვიტ-ანგარიშის გათიშვა მწარედ ჩარჩებოდა, ცხადია, გონებაში), ბ) რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრის ისევ კენჭს 2024-ში და გ) საკუთარ პარტიას შექმნის და დამოუკიდებლად იყრის კენჭს. მცოდნე ხალხის ნაწილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი კენჭს აღარ იყრის, მაგრამ 2024 წლამდე მისი შესაძლო კანდიდატობის თემას დაბალ ცეცხლზე მუდმივად შეინარჩუნებს. დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირე, ასევე „სტაჟიანი“ პოლიტიკოსი, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ძალიან ცუდ ვერსიად მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა თავისი პარტია შექმნას და რესპუბლიკელებიდან არ იყაროს კენჭი. რესპუბლიკური პარტიის რიგით მხარდამჭერებს შორის ასეთი აზრიც მუსირებს: გაუთავისუფლოს გზა თავის შვილს, ივანკას და ის გახდება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი ქალიო. საპრეზიდენტო კანდიდატურის გარდა, რესპუბლიკელებს სხვა დიდი სანერვიულოც აქვთ: ყველაზე მსხვილი დონორები, კონკრეტულად კი უაღრესად გავლენიანი ძმები კოხების ოჯახმა 6 იანვრის მოვლენების შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ სერიოზულად გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული პარტიისთვის მილიონობით დოლარის შეწირვის შესახებ. 85 წლის ჩარლზ კოხმა ისიც კი განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი პარტიის სასარგებლოდ მეგადონორობა შეცდომა აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, გახლეჩას შეუწყო ხელი. სხვა მსხვილმა დონორებმა, კერძოდ, რიკეტების ოჯახმა ჩიკაგოდან, “ჰოუმ დეპოს“ თანადამფუძნებელმა ბერნი მარკუსმა და ფინანსისტმა კენ გრიფინმა კომენტარებისგან თავი შეიკავეს, თუმცა დაფინანსების საკითხი რომ სულ მალე დადგება რესპუბლიკელთა დღის წესრიგში (და, სავარაუდოდ, ის პირველ საკითხთა შორის იქნება), ამის თქმა თამამად შეგვიძლია. რესპუბლიკელებმა ხომ თეთრ სახლთან ერთად სენატზე კონტროლიც დაკარგეს, კონგრესი კი მანამდეც ჰქონდა წაგებული. ასე რომ, GOP-ის ანუ “დიდებული ძველი პარტიის“ ლიდერები (ასეც მოიხსენიებენ ხშირად შემოკლებით რესპუბლიკურ პარტიას) დიდი გამოწვევების წინაშე არიან.

ამასობაში, დემოკრატებმა, ისევ რომ არ აღმოჩნდნენ დ. ტრამპის 2024- ში კანდიდატობის გამოწვევის წინაშე, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ უმალ წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცედურები. როგორც მოსალოდნელი იყო, წარმომადგენელთა პალატაში მათ მოახერხეს, რომ აშშ- ის ისტორიაში დონალდ ტრამპი შევიდა როგორც პრეზიდენტი, რომლის მიმართ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება ორჯერ იქნა გამოტანილი. 8 თებერვალი არის ის თარიღი, როდესაც სენატში მოსმენები უნდა დაიწყოს. ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მთავარი არსი ისაა, რომ მას ეკრძალება მომავალში მაღალი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. აქვე უნდა აღინიშნოს სხვა სადამსჯელო ზომებიც – უწყდება საპრეზიდენტო ხელფასი, ეხსნება დაცვა და სხვა პრივილეგიები. დემოკრატებს კი ძალიან უნდათ, რომ ეს მოხდეს და ოთხი-ხუთი რესპუბლიკელიც კი ჰყავთ მხარდამჭერად, მაგრამ რა განცხადებებიც ბოლო პერიოდში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისგან კეთდება, პრაქტიკულად ნულს ქვემოთ არის დ. ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის სენატში დადებითად გადაწყვეტის ალბათობა.

დემოკრატებსა და მათ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დ. ტრამპის გარდა უთვალავი საშინაო და საგარეო პრობლემის მოგვარებაზე უწევთ მუშაობა 24/7 რეჟიმში.

პანდემიამ 400 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვაქცინაციის დროული და ეფექტიანი ჩატარება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სასიცოცხლოდ აუცილებელია ინფიცირებული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. სიკვდილიანობის შემცირება და ოპტიმიზმის გაჩენა, გადაჭარბების გარეშე, ყველაზე ეფექტიანი წამალი იქნება აშშ-ის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. თავის მხრივ, ეპიდემიური და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად გამოსწორება ასევე წაადგებოდა თავად საზოგადოებაში გაჩენილი უზარმაზარი ნაპრალის ამოვსების საქმეს. აქ ბევრი შეიძლება ვიკამათოთ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულ რადიკალურ განსხვავებებზე ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებში და მე ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი მეგობარი, უაღრესად სკეპტიკურად განწყობილი რესპუბლიკელების პროგნოზი გამართლდეს და ალექსანდრა ოკასიო კორტესის, ჰელენ უორენისა და მხცოვანი ბერნი სანდერსის მსოფლმხედველობასთან ახლოს მდგომი გადაწყვეტილებები ვიხილო. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ქისთოუნ იქს ელ“ – ის ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერებაზე გადაწყვეტილება და პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე ისევ შეერთება არ არის ჩემთვის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქვა ბაიდენის ოპონენტების განგაში “მივიღეთ, ბატონო, სოციალისტური ამერიკა“.

კედლის მშენებლობის იდეა არასდროს მომწონდა, ისევე როგორც ემიგრანტებთან დაკავშირებული ტრამპის გადაწყვეტილებები, მაგრამ ბალანსი ყველგან და ყველაფერში საჭიროა. იგივე ეხება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ საინაუგურაციო მიმართვაში პრიორიტეტად გამოცხადებულ რასიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის აუცილებლობასაც. ერთი ნაწილის ინტერესების დაცვამ არ უნდა შეუქმნას მეორეს სიცოცხლის საფრთხის და ყველა ნებადართული კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახის დაცვის აუცილებლობის განცდა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ახალი ადმინისტრაცია ერის განკურნებისკენ სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

თავად ფაქტი, რომ პირველი აფროამერიკული და ინდოამერიკული წარმოშობის ვიცე- პრეზიდენტი ქალი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისევე როგორც პირველი აფროამერიკელი – თავდაცვის მდივნად, აბორიგენ ინდიელთა შთამომავალი – საშინაო უსაფრთხოების მდივნად, პირველი ტრანსგენდერი – ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ, სერიოზული გზავნილია თანასწორობის მიმართულებით, თუმც ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გამოგაჩინონ საქმემან შენმან. ასე რომ, ვფიქრობ, აშშ- ის პირველ ვიცე- პრეზიდენტ ქალს ძალიან ბევრი გამადიდებელი შუშით დააკვირდება. ის ხომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატადაც მოიაზრება.

ღმერთმა დალოცოს ამერიკელი ხალხი! ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები!