საქართველოს ეკონომიკაში სტუმარმასპინძლობის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ქვეყნის ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ეს სექტორი ძირითადად სასტუმროებს, რესტორნებსა და საკვების მიწოდების სხვა დაწესებულებებს მოიცავს. ოფიციალურ სტატისტიკაში ცალკე გამოყოფილი სტუმარმასპინძლობის სექტორი არ გვხვდება, მაგრამ გვხვდება სასტუმროები და რესტორნები, რომელსაც ოფიციალურად განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებად მოიხსენიებენ.
დამატებული ღირებულება
2025 წელს საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების მიერ გამოშვებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება 7.4 მლრდ ლარი იყო. აქედან, უშუალოდ ამ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 3.7 მლრდ ლარი იყო, რაც საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ს) 4%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელიწადში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ზრდის ტენდენციაა და ნომინალურ გამოსახულებაში დღეს 3.7-ჯერაა გაზრდილი, მას 2020-2021 წლის პანდემიამ ისეთი დიდი დარტყმა მიაყენა, რომ 2019 წლის რეალურ მდგომარეობას 2025 წელსაც ვერ დაუბრუნდა.
2020 წელს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი ყველაზე მეტად – 47%-ით შემცირდა.
2019 წელს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში წარმოებული საქონელი და მომსახურება 2.3 მლრდ ლარი იყო. 2025 წლის მონაცემებს თუ ვნახავთ 2019 წლის ფასებში, სექტორის სიდიდე 2.2 მლრდ ლარია. ანუ რეალურ (ინფლაციის გარეშე) განზომილებაში 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2019 წლისას 100 მლნ ლარით ჩამორჩებოდა.
შესაბამისად, ის ნომინალური ზრდა, რაც 2021 წლის შემდეგ ფიქსირდება, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების მნიშვნელოვანი გაძვირებით არის განპირობებული. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერაც არ დაბრუნებულა 2019 წლის მაჩვენებელზე. 2019-ში 9.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2025 წელს 7.8 მლნ.
2026 წელი სექტორმა მაღალი ზრდით (პირველი კვარტალში +12%) დაიწყო და, სავარაუდოდ, 2026 წელს 2019 წელს გადაასწრებს. წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდება, მაგრამ დანაკლისი შიდა მოთხოვნის ზრდით დაკომპენსირდება. მაგალითად, 2019 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამოძახების სერვისით საკვების მიწოდება.
პანდემიამდე, 2015-2019 წლებში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 4-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მთლიანად საქართველოს ეკონომიკა. 2020-ში 7-ჯერ უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე საქართველოს მშპ. 2021-2022 წლებში უფრო მაღალი აღდგენის ტემპი ჰქონდა, ვიდრე მთლიანად ეკონომიკას, მაგრამ 2023-2025 წლებში მისი ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპს წლიურად საშუალოდ 4.3% პუნქტით ჩამორჩა.

ბოლო 10 წელიწადში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი მაღალი ინფლაციით გამოირჩეოდა, ფასები საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ასეთი მაღალი ზრდა ძირითადად რესტორნებსა და კაფეებზე მოდის, რომელთა მომსახურება 2.2-ჯერ გაძვირდა. სასტუმროების მომსახურება 40%-ით არის გაძვირებული. გაძვირება ძირითადად 2021-2022 წლებში დაფიქსირდა, შემდეგ ფასები დასტაბილურდა, განსაკუთრებით – სასტუმროებში. სწორედ მაღალი ინფლაციაა მიზეზი, რომ ნომინალურ გამოსახულებაში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 3.7-ჯერ გაიზარდა.
დასაქმება და ხელფასები
2020-2021 წლების პანდემია მძიმედ აისახა სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებაზეც. 2020-2021 წლებში ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 15.4 ათასით (32%-ით) შემცირდა, თუმცა 2022 წლიდან სწრაფი ზრდა დაიწყო და მაქსიმუმს – 61.5 ათასს დასაქმებულს 2024 წელს მიაღწია. 2025-ში კი დასაქმებულთა რაოდენობა 1.8 ათასით (3%-ით) შემცირდა, რაც რესტორნებში დასაქმებულთა კლებამ განაპირობა. 2025 წელს სექტორში დასაქმებულთა 60 ათასიდან 29 ათასი სასტუმროებში მუშაობდა, ხოლო 31 ათასამდე – რესტორნებში.

საქართველოში სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე 26%-ით ნაკლებია. ბოლო მონაცემებით, 2026 წლის პირველი კვარტალის ხელფასების სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ხელზე აღებული საშუალი ხელფასი 1,400 ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელიწადში საშუალო ხელფასი 2.7-ჯერ გაიზარდა, მაინც დაბალი რჩება. თან ბოლო 10 წელიწადში არსებულ ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო ხელფასი რეალურად 1.6-ჯერ არის გაზრდილი.
ცალკე აღებულ სასტუროებში ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,620 ლარია, ხოლო რესტორნებში – 1,250 ლარი. ხელფასებს შორის სხვაობას კლების ტენდენცია აქვს. მაგალითად, 2011 წელს სასტუმროებში 2-ჯერ მეტი საშუალო ხელფასი იყო, ვიდრე რესტორნებში, 2019 წელს 55%-ით აღემატებოდა, 2026 წლის პირველ კვარტალში კი 30%-ით.

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები
საქსტატი აქვეყნებს მონაცემებს საქართველოში არსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობისა და მათში ნომრების საერთო რაოდენობის შესახებ. ბოლო მონაცემები 2025 წლისთვის არის ცნობილი.
2025 წლის ბოლოს საქართველოში 2,783 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 121 ერთეულით (4.5%-ით) მეტია. ბოლო 10 წელიწადში 2.3-ჯერ არის გაზრდილი. 2019-ში 1,682 სასტუმრო იყო და 2020-ში პანდემიის გამო 628 დაიხურა, თუმცა, 2021-დან სწრაფად აღდგა.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობრივი ზრდა სასტუმროს ნომრების ჯამურ რაოდენობაზეც აისახა. 2025 წლის ბოლო საქართველოში 54.3 ათასი ნომერი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 3,100 ერთეულით (6%-ით) მეტია. ბოლო 10 წელიწადში კი 2.4-ჯერ არის გაზრდილი.

რომ შევაჯამოთ, საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი მზარდია, თუმცა 2020-2021 წლის პანდემიის გავლება ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. მაგალითად, 2016-2019 წლებში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში წლიურად საშუალოდ 115 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდებოდა. 2020-2021 წლებში კი პირიქით, 250 მლნ დოლარის ინვესტიციამ დატოვა სექტორი. 2022 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა განახლდა, მაგრამ 2020-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 45 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს მიანიშნებს, რომ სექტორი უფრო ადგილობრივ კაპიტალზე გახდა დამოკიდებული. ასევე ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის, თუ რატომ იზრდებოად სექტორი წლიურად საშუალოდ 20%-ით 2019 წლამდე და 2023-დან რატომ იზრდება წლიურად საშუალოდ 4%-ით. მომავალში სექტორის ზრდის ტემპის ამაღლება პირდაპირ არის დაკავშირებული უცხოელი ვიზიტორების რიცხვის ზრდასთან, რადგან ცნობილია, რომ სასტუმროების სტუმრების 63% უცხოელებია.
ბესო ნამჩავაძეს აქვს 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში. ის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსია. კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.














