ციფრული ლარის პროექტი - ეროვნული ბანკი თანამშრომლობისათვის ფინტექ-კომპანიებს იწვევს

ციფრული ლარის პროექტი - ეროვნული ბანკი თანამშრომლობისათვის ფინტექ-კომპანიებს იწვევს

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტზე თანამშრომლობისათვის ფინტექ-კომპანიებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC-ის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება საპილოტე პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

CBDC-ს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნესმოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე შესაძლებელია, გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.

როგორც ეროვნული ბანკში აცხადებენ, ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KYC და AML / CFT ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ციფრულ გირვანქა სტერლინგს ინგლისის ცენტრალური ბანკი გამოუშვებს. ბანკის მენეჯმენტის განმარტებით, ის მიზნად არ ისახავს ნაღდი ანგარიშსწორების მთლიანად ჩანაცვლებას, არამედ მის დამხმარე ალტერნატივად განიხილება.

ციფრული ვალუტების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ციფრული ვალუტა ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

  1. […] ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და […]

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.