ამერიკული კომპანია Disney არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ადგილობრივ კომპანია Miral-თან თანამშრომლობით, ახალ თემატურ პარკს ააშენებს. ეს მსოფლიოში Disney-ის მეშვიდე პარკი, ახლო აღმოსავლეთში კი პირველი მსგავსი პროექტი იქნება.
ახალი პარკი, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი „Disneyland Abu Dhabi“-ს უწოდებს, Disney-ისა და Imagineers-ის დიზაინით შეიქმნება, თუმცა მთლიანად Miral-ის მიერ დაფინანსდება და ამავე კომპანიის მმართველობის ქვეშ იქნება. Miral-ი აბუ-დაბიში სხვა გასართობ პარკებსაც მართავს, მათ შორის Ferrari World-ს, SeaWorld-სა და Warner Bros. World-ს, რომლებიც კუნძულ იასზეა განლაგებული. Disney-ის თემატური პარკიც სწორედ ამ ლოკაციაზე აშენდება, თუმცა მისი გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ბობ აიგერის განცხადებით, „Disneyland Abu Dhabi“ თანამედროვე არქიტექტურისა და უახლესი ტექნოლოგიების ნაზავით შეიქმნება, რათა, მისი თქმით, სტუმრებს უნიკალური, ღრმად იმერსიული გასართობი გამოცდილება შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით Disney პირველად შედის ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, სადაც მანამდე თემატური პარკი არ ჰქონია. ცნობისთვის, კომპანიის პარკები ამჟამად ფლორიდაში, კალიფორნიაში, პარიზში, ჰონგ-კონგში, შანხაისა და ტოკიოშია განლაგებული.
დღეს Disney-მ 2025 წლის მეორე ფისკალური კვარტალის ფინანსური ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 23.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2024 წლის მეორე ფისკალურ კვარტალთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, Disney-ის გამოცდილების განყოფილების შემოსავალმა, რომელიც მის თემატურ პარკებსაც მოიცავს, 8.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტია. ამერიკულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ პარკებში სტუმართა რაოდენობა და მათი მხრიდან დანახარჯები გაიზარდა, ხოლო გლობალურად ობიექტებში ვიზიტორთა რაოდენობა ოდნავ შემცირდა.