DoorDash-ი ფინურ მიწოდების აპლიკაცია Wolt-ს 8 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს

DoorDash-ი ფინურ მიწოდების აპლიკაცია Wolt-ს 8 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს

გასულ კვირას DoorDash Inc.-მა დააანონსა, რომ ფინურ საჭმლის მიწოდების კომპანია Wolt Enterprise Oy-ს, შეთანხმების საფუძველზე, 8 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. DoorDash-ისათვის ეს აქამდე ყველაზე დიდი შენაძენია. განცხადების გაკეთების შემდეგ კომპანიის აქციათა ფასები დაახლოებით 12%-ით გაიზარდა.

DoorDash-ი Wolt-თან ძალების გაერთიანებით პროდუქტების განვითარებას, თითოეული კომპანიის ბაზარზე ფოკუსირებასა და მომხმარებლების, მოვაჭრეებისა და კურიერებისათვის პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

DoorDash-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის განცხადებით, კომპანიები იზიარებენ შეხედულებებს ადგილობრივი კომერციის გლობალური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით. შეთანხმება სისრულეში მომავალი წლის შუა პერიოდისათვის მოვა და DoorDash-ი ფინურ კომპანიას სრულად შეიძენს. Wolt-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კი საკუთარ პოზიციას შეინარჩუნებს. შედეგად, კომპანიები მიზნად საკუთარი პროდუქტების განვითარების დაჩქარებას, ინვესტირების ეფექტიანობისა და საკუთარი წარმომადგენლობის საერთაშორისო ასპარეზზე გაზრდას ისახავენ.

საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება DoorDash-მა მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოსავლები 45%-ით გაეზარდა, 1.28 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც პანდემიისას საჭმლის მიწოდებაზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება.

შეგახსენებთ, რომ DoorDash-ის აქციათა ფასები მაისიდან მოყოლებული 70%-ით გაიზარდა. კარანტინის დროს DoorDash-მა მარტივად შეძლო ბაზრის უმეტესობის ათვისება და სექტემბერის მონაცემებით, ჯამურად საკვების მიწოდების 57% სწორედ აღნიშნულ კომპანიაზე მოდიოდა.

რაც შეეხება Wolt-ს, მან ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და დღევანდელი მდგომარეობით 23 ქვეყანაში ეფექტიანად ფუნქციონირებს. თითქმის ყველა მათგანი კი DoorDash-სათვის ახალ ბაზარს წარმოადგენს, რაც მას დამატებით 700 მილიონ მომხმარებელს გაუჩენს.